მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის იდეას მხარს უჭერს, რადგან ძალიან მწარე გაკვეთილები მივიღეთ
მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის იდეას მხარს უჭერს, რადგან ძალიან მწარე გაკვეთილები მივიღეთ

საქართველოს საპატრიარქო მხარს უჭერს იდეას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი იყოს, – ამის შესახებ პირველ არხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

„საპატრიარქო იდეას მხარს უჭერს, რადგან ამის გამო ჩვენ ძალიან მწარე გაკვეთილები მივიღეთ“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში არის მოლოდინი, საკითხი დადებითად გადაწყდეს.

რა იგულისხმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში, დეკანოზი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ კანონპროექტის ავტორებთან შეხვედრის შემდეგ გაარკვევენ, სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას შორის.

„დღეს გავიგეთ და ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ?! მართლა გასარკვევია, რა ითვლება შეურაცხყოფად, ზღვარი სად გადის, რისი უფლება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და რისი უფლება შეიძლება არ ჰქონდეს“, – ამბობს დეკანოზი.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, მაგალითად, მხატვარ ლია უკლებას ქმედება, რომელმაც ფეხმძიმე ღვთისმშობელი პისტოლეტით ხელში დახატა და რომლის ნახატსაც სასულიერო პირების მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, პატრიარქის მდივანი აცხადებს, სხვას ვერაფერს იტყვის და მან არ იცის, ვინ არის ლია უკლება.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ. ჯგუფში საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვადასხვა კონფენსიის წარმომადგენლები შევლენ. მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.

ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.