მამა მიქაელ ბოტკოველი - ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინდელი ინციდენტისას შევამჩნიეთ არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები
მამა მიქაელ ბოტკოველი - ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინდელი ინციდენტისას შევამჩნიეთ არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები

ჩვენ იქ შევამჩნიეთ არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, ეს კადრებში ძალიან კარგად ჩანს და ამის მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ, – ამის შესახებ მამა მიქაელ ბოტკოველმა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეპარქიაში იყვნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან.

მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დესტრუქციული ქმედებების დროს, ადამიანებს აგულიანებენ ის პირები, რომლებიც პოლიტიკასთან არიან დაკავშირებული.

„ჩვენ იქ შევამჩნიეთ არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, ეს კადრებში ძალიან კარგად ჩანს და წარმოგიდგენთ ამის მტკიცებულებებს, რომ იქ არ იყვნენ მხოლოდ ეკლესიის ინტერესებით დაკავებული ადმიანები, იმყოფებოდნენ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც. ჩვენ დავინახეთ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან, ეკლესიური ადამიანები ეკლესიის წინამძღვრის და ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით შეჭრის მცდელობისას არც ერთ შემთხვევაში არ ავლენდნენ საეკლესიო ცხოვრებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. სად გინახავთ, რომ ეკლესიის მორწმუნე ადამიანი ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით იჭრებოდეს? ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმისას, რომ ასეთი დესტრუქციული ქმედებების დროს, ასეთ ადამიანებს აგულიანებენ ისინი, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, მარტვილში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი მედიის წარმომადგენელი.

ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა.

შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.