დეკანოზი იოანე გორელიშვილი - რეპრესირებულ პირთა იდენტიფიცირებისთვის ეკლესიას სახსრები არ გააჩნია, მაგრამ ცალკეულ ოჯახებს შეუძლიათ, ჩაატარონ დნმ-ის ანალიზი​
დეკანოზი იოანე გორელიშვილი - რეპრესირებულ პირთა იდენტიფიცირებისთვის ეკლესიას სახსრები არ გააჩნია, მაგრამ ცალკეულ ოჯახებს შეუძლიათ, ჩაატარონ დნმ-ის ანალიზი​

ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილ რეპრესირებულთა საერთო სამარხზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პირველ კომენტარს აკეთებს.

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სამარხში ნამდვილად რეპრესირებულები იყვნენ დამარხულნი.

„არსებობს მეცნიერთა მტკიცებულებები; ცხედრებს შეკრული ჰქონდათ ხელები, აღმოჩენილია მონეტები, რომლებიც მოქმედებდა 1937-38 წლებში. აბსოლუტურად ყველა არის დახვრეტილი, უმრავლესობა კეფაში, ამიტომ სრული მტკიცებულებებია იმის, რომ ისინი არიან რეპრესირებულები”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, პირთა იდენტიფიცირებისთვის ეკლესიას სახსრები არ გააჩნია, მაგრამ ცალკეულ ოჯახებს შეუძლიათ ჩაატარონ დნმ-ის ანალიზი.

„თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია, დნმ-ის ანალიზი გააკეთოს თავად, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და საპატრიარქოს ის თანხა არ გააჩნია, რომ 150 ცხედარს ჩაუტაროს ანალიზი”, – ამბობს დეკანოზი.

რაც შეეხება რეპრესირებულთა რელიგიურ კუთვნილებას, დეკანოზის თქმით, ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არა აქვს.

„რელიგია აქ არაფერ შუაშია, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სარწმუნოებას, რადგან ისინი იყვნენ პატივის გარეშე დაკრძალულები, ჩაყრილები, ახლა ამოვასვენებთ და პატივით დავკრძალავთ, პანაშვიდში მხოლოდ მათ მოვიხსენიებთ, ვინც მონათლული იყო”, – განაცხადა დეკანოზმა.

ხელვაჩაურის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დილიდან რამდენიმე რეპრესირებული პირის შთამომავალი მივიდა და ტერიტორიაზე შესვლა ითხოვა. ისინი ამბობენ, რომ ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გაურკვევლობაში არიან და დნმ-ის ანალიზსა და განმარტებებს ითხოვენ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.