ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს

ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. საერთო სასაფლაო ხელვაჩაურის ყოფილ ტერიტორიაზე, კერძოდ ფრიდონ ხალვაშის ქუჩის N338-ში, იმ ტერიტორიაზე აღმოაჩნდა, რომელიც ეპარქიას დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული.

აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ეპარქიამ სოციალურ ქსელში ორი საათის წინ გაავრცელა. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება.

21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა“, -ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.