რამდენიმე რეპრესირებული პირის შთამომავალი ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს
რამდენიმე რეპრესირებული პირის შთამომავალი ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს

ხელვაჩაურის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს, დილიდან რამდენიმე რეპრესირებული პირის შთამომავალი მივიდა და ტერიტორიაზე შესვლა ითხოვა.

ისინი ამბობენ, რომ ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გაურკვევლობაში არიან, დნმ-ის ანალიზსა და განმარტებებს ითხოვენ.

„ჩემი ბაბუა იყო რეპრესირებული. არ ვიცი, აქ არის დამარხული თუ არა ან ეს საიდან დავადგინო. ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არის.  დნმ-ის ანალიზი უნდა ჩატარდეს“, – ამბობს რეპრესირებული პირის შთამომავალი ალექსანდრე დუაძე.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.