დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა.
როგორც მან განაცხადა, გიორგი მამალაძე ენერგიულადაა, ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ როგორ საშუალოს, თუმცა რამდენიმე კვლევა კიდევ უნდა ჩაუტარდეს.
„რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისეთი სურათი იხატებოდა, ველოდი, რომ გაცილებით მძიმე იყო. საკმაოდ ენერგიულად არის მამაო, ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც საშუალოს. აქამდე ჩატარებული კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ მდგომარეობას, როგორც მძიმეს და სასიხარულოა, რომ ასეთი მდგომარეობა არ აქვს“, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება მსჯავრდებული დეკანოზის ზიარების საკითხს, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით, არანაირი შეზღუდვა არ არის და ნებისმიერ მოძღვარს შეუძლია, აზიაროს, რომელიც ამას შესაძლებლად ჩათვლის.
„ზიარების შეფერხება არანაირად არ ხდება. მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად, აზიაროს მისი სულიერი მდგომარეობიდან და აღსარებიდან გამომდინარე, არანაირი შეზღუდვა არ არის. ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება მღვდელი თუ მღვდელმთავარი შეუძლია, აზიაროს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ამასთან, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის ემოციური მდგომარეობა მძიმეა.
„მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა. განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია და ამიტომ, არც შეიძლება, სხვას ველოდეთ. მქონდა მამა ნიკოლოზთან ზიარებასთან დაკავშირებით ურთიერთობა და როგორც ვიცი, უახლოეს პერიოდში აპირებს, მოინახულოს. საათზე მეტხანს ვიყავი მასთან, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში პენიტენციური დაწესებულებიდან გუშინ, წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა გადაიყვანეს.
რაც შეეხება ზიარებას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა, 4 თებერვალს თბილისში, საპატრიარქოს შენობასთან აქცია გამართეს. ისინი დაკავებული დეკანოზისთვის საპატიმროში ზიარების უფლებას მოითხოვდნენ. 5 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, გიორგი მამალაძე აზიაროს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“. ამასთან, 9 თებერვალს პირველ არხს ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, ნიკოლოზ გიგატაძემ განუცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულებასა და მის ზიარებას გეგმავს.