თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს
თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული ტურისტი ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

ექიმის განცხადებით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ტრავმული შოკის მდგომარეობაში იმყოფება.

მედიკოსის შეფასებითვე, პირველადი გამოკვლევებით გამოიკვეთა, რომ პაციენტს მაღალი ალბათობით ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ჩარევა დასჭირდება.

„ავადმყოფი შემოყვანილია სვანეთიდან. სავარაუდოდ დასჭირდება ნეიროქირურგისა და ტრავმატოლოგის მეთვალყურეობა. დანარჩენი დამატებითი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი“, – აცხადებს ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ნოდარ ლომიძე.

თეთნულდზე ზვავის მოწყვეტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, ესპანელ ტურისტთა ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი.

მათივე ინფორმაციით, სტიქიამ ექვსი ადამიანი მოიყოლა, მათგან ორი მაშველებმა ზვავიდან უვნებლად ამოიყვანეს, ერთს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, სამი კი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.