პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრზე თავდასხმა განხორციელდა
პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრზე თავდასხმა განხორციელდა

„ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი გიორგი გლუნჩაძე მოინახულეს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას თქმით, დღეს დიღმის მასივში გლუნჩაძეზე სამი პირის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა.

სამუშიას ინფორმაციით, გლუნჩაძეს თავდამსხმელთა ამოცნობა შეუძლია და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

„მაჟორიტარები და პოლიტსაბჭოს წევრები ვიმყოფებოდით შეხვედრაზე, სადაც შემოვიდა ზარი ჩემი შტაბის უფროსის მიერ და მითხრა, რომ ჩვენს აქტივისტზე განხორციელდა თავდასხმა. გავეშურე ამ ადგილისაკენ, სადაც ვნახეთ, რომ ბატონი გიორგი იყო ნაცემი,. უკვე სასწრაფოს მანქანაში მოთავსებული. მისი გადმოცემით, თავს დაესხა სამი პიროვნება, რომლის ამოცნობა შეუძლია. ეს ადამიანები მივიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ ის „ლელოს“ აქტიურად უჭერდა მხარს. მამუკა ხაზარაძეს და ჩემს გვერდით ხედავდნენ, ამ შემთხვევაში დიღმის მასივში, როდესაც მე ვატარებ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ იქნეს საქმე გამოძიებული. თუ სწორად მიუდგებიან ამ ყველაფერს, შედეგი უნდა იქნას დადებული 24 საათში.

მისმა მკურნალმა ექიმმა გვითხრა, რომ საშუალო სიმძიმის შერყევა აქვს და მოთავსებულია ნევროლოგიურ განყოფილებაში“, – განაცხადა სამუშიამ.

თავის მხრივ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი მარინა გელანტია კი აცხადებს, რომ პაციენტს სამედიცინო გამოკვლევის მიხედვით, რაიმე ორგანული დაზიანება არ აღენიშნება.

„რამდენიმე საათის წინ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 43 წლის მამაკაცი, რომელიც აღნიშნავდა ტკივილს გულ-მკერდისა და მუცლის არეში. მისი მდგომარეობა შემოსვლისთანავე იყო სტაბილური, გარეგანი დათვალიერებით რაიმე ხილული დაზიანება არ აღენიშნებოდა. ჩაუტარდა გამოკვლევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური, თუმცა ვერ იქნა ნანახი რაიმე ორგანული დაზიანება. არ გამოვრიცხავ, შეიძლება მსუბუქი შერყევა ყოფილიყო, მაგრამ ამ წუთისთვის, გამოკვლევით მსგავსი ორგანული დაზიანება არ აღენიშნება. კიდევ ერთხელ განმეორდება კვლევები და ამის შემდეგ გაეწერება კლინიკიდან“, – განაცხადა მარინა გელანტიამ და აღნიშნა, რომ პაციენტმა კლინიკა შესაძლოა, რამდენიმე საათში დატოვოს.