დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას დღეს ვერ დაიწყებს, რადგან არ ვიცით, იქ რა წერია
საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას დღეს ვერ დაიწყებს, რადგან ეს ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა და არ ვიცით, იქ რა წერია, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწემ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამიტომ, ვერ ვიმსჯელებთ, რამდენად დახვეწილია კანონპროექტი, ან რამდენად არის შესაძლებელი, იქ რამე საფრთხეები იყოს. თუმცა ალბათ, აუცილებელია, რაღაც ნორმები საკანონმდებლო დონეზე იყოს მიღებული“, – განაცხადა დეკანოზმა.
ამ განცხადებით დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უნდა რეგულირდებოდეს თუ არა კანონით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რამდენად რეალისტურია ამ საკითხის სამართლებრივი მეთოდებით დარეგულირება.
მისი თქმით, ბოლო დროს, რელიგიურ საკითხებზე წამოწყებულ საზოგადოებრივ მოძრაობებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და ბევრ მოქალაქეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, რელიგიურ გრძნობებზე თამაში მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა მოქალაქეთა რაღაც ჯგუფს პროტესტი გასჩენოდა და აღშფოთება გამოეხატა.
„როცა ამ მდგომარეობას თვალს ვადევნებთ, ვხვდებით, რომ შესაძლოა, პროცესი ძალიან შორს წავიდეს და ამან საშიში ფორმები მიიღოს. ასევე გვახსენდება სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ბოლო ანგარიში, სადაც საუბარია, რომ რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეების შესახებ დასკვნები აქვთ, რომ ქვეყნის გარედან შესაძლებელია, ამ კუთხით რაღაც ხდებოდეს“, – განაცხადა დეკანოზმა.
როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწემ აღნიშნა, ამ გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან მრავალფეროვანი რელიგიური სპექტრია, იმისთვის, რათა მოსახლეობამ მტყუან-მართლის გარჩევა და ამ კუთხით თავისი უფლებების დაცვა თავად არ დაიწყოს, საჭიროა, რაღაც გაკეთდეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.
ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.