დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირის მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეუფერებელია და საპატრიარქოს ამ საკითხზე რეაგირება ექნება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირის მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეუფერებელია და საპატრიარქოს ამ საკითხზე რეაგირება ექნება

მღვდელმსახურის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან სამწუხარო და შეუფერებელია, – ასე უპასუხა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანის შეკითხვას, რა რეაგირებას მოახდენს საპატრიარქო ერთ-ერთი სასულიერო პირის მოწოდებაზე, რომელმაც განაცხადა – „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის“.

„ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გვექნება რეაგირება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ სასულიერო პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ თუ ასეთი ფაქტი გამოვლინდა, ამაზე რეაქცია აუცილებლად იქნება.

მისი თქმით, დღევანდელი მოვლენები ძალიან ტენდენციურად შუქდება.

„ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მთელი თვის განმავლობაში აღიზიანებდნენ და დღეს თბილისში ჩამოსასვლელად პირდაპირ იწვევდნენ, ახლა ცდილობენ, მათ მიერ აწეული აგრესია ეკლესიას გადმოაბრალონ. ერთი განცხადება მანახეთ ეკლესიის, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს, იმის გამოკლებით, რაზეც უკვე ვისაუბრე, მღვდლის არაკორექტულ განცხადებაზე ვამბობ. ქვეყანაში ვინ არის ბოსი და ხალხია. ხალხი, რომლის აზრიც არ გაითვალისწინეს. ეს ხალხი მიზანმიმართულად დააპირისპირეს საზოგადოების მცირე ჯგუფს. ამაზე პასუხისმგებელნი არიან ორგანიზატორები და ისინი, ვინც ამ ხალხს აქეზებდა. ჩვენ, ვიცოდით რა ხალხის რეაქცია, ვაფრთხილებდით, რომ ეს იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და იქნება დაძაბულობა. თუმცა, ძნელი წარმოსადგენი იყო ის სურათი, რაც დღეს ვნახეთ. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ იქნებოდა ჟურნალისტებზე ასეთი აგრესია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უნდა ეთამაშა თუ არა ეკლესიას როლი, რათა ძალადობის დეესკალაცია მომხდარიყო და რა როლი აქვს საპატრიარქოს ასეთი ძალადობრივი მოვლენების დროს, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქომ ხალხს ლოცვისკენ მოუწოდა და სცადა, ადამიანები ლოცვისკენ მიებრუნებინა, მაგრამ „ვინც ისინი მთელი თვე წამლა, ჩამოიყვანა და აბუჩად აიგდო, პასუხისმგებლობა მათზეა“.

„თქვენ იცით, რა თანხა დაიხარჯა რეკლამაში, რომელიც ამ მრავალფეროვნების შესახებ გადიოდა? ერთი თვის განმავლობაში ყველა ტელევიზიაში ტრიალებდა რეკლამა, რომელშიც ვიღაცამ 600 000 ლარი გადაიხადა. ეს ნაწილია მხოლოდ. კლიპის შექმნაზე რამდენი დაიხარჯა, არავინ იცის. როდესაც ამხელა თანხები იხარჯება იმისთვის, რომ ადამიანები გააღიზიანონ, საპატრიარქოს ერთი განცხადებით ამის გადაფარვა შეუძლებელი ხდება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ევროპის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციის მეათე მუხლში წერია, რა დროს იზღუდება გამოხატვის თავისუფლება.

„ის იზღუდება, როდესაც სხვის უფლებებს, მორალურ-ზნეობრივ ნორმებს არღვევს და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას ქმნის. წაიკითხეთ ეს. ჩვენ ამ კანონის მხოლოდ პირველ ნაწილს გვიკითხავენ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ცდილობენ, ცხოვრების ამ წესს პროპაგანდა გაუწიონ.

„ნახეთ კადრები, რომლებიც მათი შეკრების მერე გავრცელდა, ლისის ტბაზე ბიჭები რომ ერთმანეთს ლოშნიდნენ და ეხუტებოდნენ? იცით, რომ ეს ნახა ჩემმა შვილმა, შვილიშვილმა და ა.შ? ვინმემ დაიცვა ისინი ამისგან?! ამაშია საქმე. ამ ხალხს, ვიდრე ქუჩაში არ გამოვლენ და არ დაიწყებენ ქადაგებას იმის შესახებ, რომ მათი ცხოვრების წესი მომავალი თაობისთვის ნორმა უნდა გახდეს, რეაქცია არავის აქვს და არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ისინი ცდილობენ, ამას პროპაგანდა გაუწიონ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დატოვე კომენტარი