დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ცნობილი ქართველი ხელოვანების სახელები მიენიჭება
თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს საკრებულოს სხდომაზე გივი ბერიკაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ბელა მირიანაშვილის, ლეილა აბაშიძის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, იაკობ ტრიპოლსკის, ვახტანგ ტაბლიაშვილის და ლევან შათირიშვილის სახელები მიენიჭება.
საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი პროექტის მიხედვით ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელი მიენიჭება. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის შესახვევისთვის, ლამის II ჩიხისთვის და ასპინძის ქუჩის შესახვევის მონაკვეთისთვს კი მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახელის მინიჭება იგეგმება.
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წერნაქის ქუჩის მონაკვეთისთვის მსახიობ ლეილა აბაშიძის სახელის მინიჭება იგეგმება. ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევი კი მსახიობ ლიანა ასათიანის სახელობის გახდება. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მახათას ქუჩისთვის მსახიობ მარინე თბილელის სახელის მინიჭება იგეგმება.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ასევე ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი გასასვლელისთვის რეჟისორ გიორგი დანელიას სახელის მინიჭება, მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვის და შესახვევისთვის კი მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭება იგეგმება.
საკრებულო დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის II ჩიხისთვის და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. საბურთალოს რაიონში, სერგო ზაქარიაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის სახელის მინიჭების შესახებ. ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.