დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა
დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა

როგორც ახალი ფოტოებიდან ჩანს, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი 3200 ფაეტონი იმაზე დიდი, ვიდრე აქამდე გვეგონა. შესაბამისად, გადაკლასიფიცირდა ჩვენი პლანეტისთვის პოტენციურად საშიშ მეორე უდიდეს ასტეროიდად.

არ შეშინდეთ, ამ ეტაპზე ძალიან კარგადაა ცნობილი, თუ საით მიემართება 3200 ფაეტონი. დედამიწასთან შეჯახების კურსს იგი სულ მცირე მომავალი 400 წლის განმავლობაში არ აიღებს.

ამ ეტაპზე, NASA-ს მეცნიერები აქტიურ კვლევებს აწარმოებენ, რათა ამ ასტეროიდის ბუნების შესახებ უფრო მეტი გაიგონ და გაარკვიონ, თუ რა საფრთხე იქნება ის ჩვენი პლანეტისთვის, თუკი ბურთის ფორმის ეს უზარმაზარი კლდის ნატეხი მაინც აიღებს დედამიწასთან შეჯახების კურსს.

პუერტო-რიკოში განთავსებული არესიბოს ობსერვატორიიდან ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ასტეროიდის დიამეტრი 5,6 კილომეტრია, რაც 1 კილომეტრით მეტია, ვიდრე მოველოდით.

„როგორც ახალი დაკვირვებები მიუთითებს, ფაეტონი შეიძლება ასტეროიდ ბენუს ფორმის იყოს, რომლისკენაც უკვე მიემართება NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx-ი. თუმცა, ფაეტონში თავისუფლად ჩაეტევა 1000 ბენუ“, — ამბობს მკვლევარი პატრიკ ტეილორი.

ახალი ფოტოები იმდენად მაღალი რეზოლუციისაა, რომ თითოეული პიქსელი ასახავს 75 მეტრს; გარდა ამისა, ასტეროიდის პოლუსებთან ასევე გამომჟღავნდა ბნელი, წრიული ფორმის მახასიათებლები.

შეიძლება ისინი კრატერები ან ქანების სხვა დეპრესია იყოს, რომლებმაც არესიბოს სკანირების რადარს არეკლილი სინათლის დაფიქსირებაში ხელი შუეშალა. ობიექტის კიდევ ერთი დეპრესია ეკვატორის სიახლოვეს დაფიქსირდა.

იმისათვის, რათა პოტენციურად საშიშ ობიექტად შეფასდეს, ამ სახის კოსმოსურ ნამტვრევს გარკვეული ზომა უნდა ჰქონდეს და მისი ორბიტა დედამიწასთან საკმარისად ახლოს მოდიოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ახლო მომავალში დედამიწასთან შეჯახების შანსი მაინც ძალიან მცირე იყოს.

სხვანაირად რომ ვთქვათ, სიტყვა „პოტენციურს“ ამ შემთხვევაში ისეთივე წონა აქვს, როგორც „სახიფათოს“ — პანიკას არ მიეცეთ, განსაკუთრებით ობიექტ 3200 ფაეტონის შემთხვევაში, რადგან მისი მოძრაობა იმდენად სტაბილურია, რომ წინასწარ პროგნოზირება ასობით წლით ადრეა შესაძლებელი.

ეს ახალი დაკვირვება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დეკემბერში, 3200 ფაეტონმა დედამიწას 10,3 მილიონი კილომეტრის მანძილიდან ჩაუარა. ეს მანძილი 27-ჯერ აღემატება დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს.

1983 წელს აღმოჩენილი ეს ასტეროიდი დედამიწას ამ მანძილზე 2093 წლამდე აღარ მოუახლოვდება.

არესიბოს ობსერვატროია სულ ახლახან ჩადგა მწყობრში, რადგან მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული პუერტო-რიკოს თავსდატეხილ ქარიშხალ „მარიას“ მიერ.

ეს ობსერვატორიას აღჭურვილია პლანეტაზე ყველაზე მძლავრი ასტრონომიული რადარით, რომელიც ბრწყინვალეა ასტეროიდთა ფორმის, ზომისა და ბრუნვის შესასწავლად. ასევე შეუძლია იმის დადგენა, თუ საიდან მოდიან და საით მიემართებიან ეს ობიექტები.

„არესიბო მნიშვნელოვანი გლობალური ქონებაა, გადამწყვეტია პლანეტურ თავდაცვაზე მუშაობისთვის, რადგან ფლობს უნიკალურ შესაძლებლობებს“, — ამბობს არესიბოს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯოან შმელცი.

„ჩავატარეთ დაუღალავი სამუშაოები, რათა ქარიშხალ მარიას მიერ დაზიანებული ტელესკოპი კვლავ მწყობრში მოგვეყვანა“.

ობსერვატორია არსეიბოს მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია განთავსებული და წარმოადგენს მსოფლიოს მეორე უმსხვილეს რადიოტელესკოპს. 305 მეტრი სიგანის ძირითადი თეფში მთებს შორის ღრმულში აშენდა; მისი მეშვეობით აღმოაჩინეს პირველი ეგზოპლანეტები და გამოავლინეს ორგანული მოლეკულები ჩვენგან მილიონობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპის უპირველესი დანიშნულება გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძიებაა, იგი ასრულებს ფართო დიაპაზონის სხვა სამუშაოებასაც, მაგალითად, ასკანირებს ცას და ეძებს დედამიწასთან ახლომდებარე პოტნეციურად საშიშ ასტეროიდებს.

სწორედ ამ ადგილას დაიწყო ფიქციურმა ასტრონომმა ელი აროვეიმ თავისი ფილმის, „კონტაქტის“ გადაღება; სწორედ არესიბოდან დაიწყეს არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ ფრენკ დრეიკი, ჯილ ტარტერი და კარლ სეიგანი.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით