დედამიწას თავის ქალის ფორმის ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწას თავის ქალის ფორმის ასტეროიდი უახლოვდება

ჩვენ ალბათ ვერ დავინახავთ, მაგრამ 2018 წელს დედამიწას კვლავ ეწვევა მზის სისტემის ერთ-ერთი პატარა ობიექტი. ის 2015 წელს აღმოაჩნეს და მას შემდეგ, ეს მისი მეორე ვიზიტი იქნება. ობიექტს, სახელად 2015 TB145, ხშირად ჰელოუინის ასტეროიდსაც უწოდებენ, ერთი ძალიან კარგი მიზეზის გამო.

იგი უბრალოდ სრულყოფილია. გარკვეულწილად წააგავს ადამიანის თავის ქალას; მუქია, როგორც ქვანახშირი. პირველი ვიზიტისას, დედამიწას ყველაზე ახლოს 2015 წლის 31 ოქტომბერს, ჰელოუინის დღეს მოუახლოვდა; სავარაუდოდ, მკვდარი კომეტაა.

მომავალ წელს მისი მოახლოება ცოტა განსხვავებული იქნება. ჰელოუინის ასტეროიდის პირველი დადასტურებული ჩავლა ჩვენგან მართლაც ძალიან ახლოს იყო — გადაგვიფრინა ზედ მთვარის ორბიტის გვერდით, დედამიწიდან 486 000 კმ მანძილზე.

თუმცა, აქვს ძლიერ დახრილი ორბიტა და შესაბამისად, როცა დედამიწის გრავიტაცია გააქანებს, მანძილი ჩვენსა და მას შორის ყოველ ჯერზე იცვლება. 2015 წლის გადაფრენა უახლოესი იყო შემდეგი 500 წლის ჩავლებს შორის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ის დედამიწას ყოველთვის ჰელოუინზე არ ესტუმრება. მისი ორბიტული პერიოდი 1112 დღეა, ანუ დაახლოებით სამი წელი. ობიექტის ყოველი ვიზიტი წინა სტუმრობაზე ოდნავ გვიან ხდება.

2018 წლის გადაფრენა ნოემბრის დასაწყისში მოხდება, მაგრამ ამჯერად, იგი ჩვენგან ძალიან შორს იქნება — დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე 105-ჯერ შორს.

მიუხედავად ამისა, იგი მომაჯადოებელი ობიექტია. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, მკვლევრებმა მისი უფრო დეტალურად შესწავლა სცადეს.

სხვადასხვა ტელესკოპის გამოყენებით, 2015 წლის მოახლოების, გადაფრენისა და გამგზავრებისას, ასტრონომებმა მის შესახებ მართლაც ბევრი რამ შეიტყვეს.

„ობიქტის ზომა დაახლოებით 625-700 მეტრია, ფორმით ოდნავ გაწელილი ელიფსოიდია და დედამიწასთან ყველაზე ახლო მანძილზე ყოფნისას, მისი ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო, თითქმის დედამიწის პერპენდიკულარული იყო“, — ამბობს ანდალუსიის ასტროფიზიკის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი პაბლო სანტოს-სანსი.

„გარდა ამისა, მისი თერმული ინერცია (მის მიერ შენარჩუნებული სითბოს რაოდენობა და სიჩქარე, რომლითაც ის სითბოს შთანთქავს ან გასცემს) იგივე ზომის სხვა ასტეროიდთა მსგავსია.

მიზეზი, რის გამოც მისი აღმოჩენა აქამდე ვერ ხერხდებოდა ისაა, რომ დროის უდიდეს ნაწილს მარსის ორბიტის გადაღმა ატარებს და არის მართლა ძალიან პატარა.

აღმოჩენისას, მკვლევრებმა გაარკვიეს ალბედოც, ანუ მის მიერ არეკლილი სინათლის ოდენობა, რაც დაახლოებით ნახშირის ლამფის ეკვივალენტი აღმოჩნდა.

ამავე დროს, ობიექტის ორბიტული ექსცენტრიულობა და დახრილობა გვაფიქრებინებს, რომ ეს ასტეროიდი ერთ დროს კომეტა იყო, მაგრამ მზის გარშემო მრავალი შემოვლის შემდეგ, დაკარგა აქროლადი ნაერთები და კოსმოსში მოხეტიალე კლდის მკვდარ ნატეხად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ჰელოუინის ასტეროიდი დედამიწასთან ასე ახლოს აღარ მოვა, მკვლევრები შანსის ხელიდან გაშვებას მაინც არ აპირებენ და მის უფრო დეტალურად შესწავლას გეგმავენ.

ამჟამად, ჰელოუინის ასტეროიდი ჩვენგან იმაზე 3,7-ჯერ შორს იმყოფება, ვიდრე დედამიწასა და მზეს შორის მანძილია. შესაბამისად, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

Animated GIF - Find & Share on GIPHY

ჰელოუინის ასტეროიდის ორბიტა

მომზადებულია ScienceAlert-ისა და space.com-ის მიხედვით

მთავარი ფოტო: ჰელოუინის ასტეროიდის მხატვრული წარმოსახვა, (J. A. Peñas/SINC )