დედამიწის ტბები ჟანგბადს წარმოუდგენლად სწრაფად კარგავს და სიტუაცია ზედმეტად მწვავეა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
დედამიწის ტბები ჟანგბადს წარმოუდგენლად სწრაფად კარგავს და სიტუაცია ზედმეტად მწვავეა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფორმების უმეტესობისთვის ჟანგბადი აუცილებლობაა. პლანეტის გათბობის გამო, ჟანგბადი სწრაფად უჩინარდება ჩვენი მტკნარი ტბებიდან, რაც წყალში არსებულ სიცოცხლესა და ეკოსისტემებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

მკვლევრებმა დედამიწის 393 სხვადასხვა ტბიდან 1941-2017 წლებში აღებული ნიმუშები და მონაცემები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ გახსნილი ჟანგბადი მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ზედაპირის, ისე ღრმაწყლოვან ჰაბიტატებში.

ჟანგბადის დონის ცვლილებას დარტყმის ეფექტი აქვს, წყლის ბიოგეოქიმიიდან დაწყებული, ამ ტბებზე დამოკიდებულ ადამიანთა ჯანმრთელობით დამთავრებული. გარდა ამისა, მეთანის მწარმოებელი წყლის ბაქტერიებისგან შეიძლება გამოიწვიოს სათბურის აირების გამოყოფის ზრდაც.

„მთელი კომპლექსური სიცოცხლე ჟანგბადზეა დამოკიდებული. ის საწყლოსნო კვების ქსელების მხარდამჭერი სისტემაა. როდესაც ჟანგბადს კარგავ, პოტენციურად კარგავ სახეობასაც“, — ამბობს ნიუ-იორკის რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გარემოსდაცვითი ბიოლოგი კევინ როუზი.

მისივე განცხადებით, ტბები ჟანგბადს ოკეანეებზე 2,75 – 9,3-ჯერ სწრაფად კარგავენ და ამ დანაკარგს გავლენა ექნება მთელ ეკოსისტემაზე.

წყლის ტემპერატურებისა და გახსნილი ჟანგბადის 45 000-ზე მეტი პროფილის შესწავლისას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ზედაპირულ წყლებში გახსნილი ჟანგბადის დონე საშუალოდ 5,5 პროცენტით დაეცა. ეს ყველაფერი მარტივ ფიზიკამდე დადის: როდესაც სულ უფრო ცხელი ჰაერი ტბის ზედა ფენებს ათბობს, აირებს თბილ წყალში გახსნა უჭირს.

ამავე პერიოდში, ღრმა წყლებში გახსნილი ჟანგბადი საშუალოდ 18,6 პროცენტით არის შემცირებული, რასაც სხვაგვარი ახსნა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ტემპერატურა არ შეცვლილა, ნაკლებად ხდება წყლის ფენების ერთმანეთში შერევა, რადგან ზედაპირი უფრო დიდი ხნის განმავლობაში რჩება თბილი. ასეთი დაშრევება ოკეანეებშიც ხდება.

ტბების ერთ ქვეჯგუფში, ნიმუშების დაახლოებით მეოთხედში, მეცნიერებმა დააფიქსირეს როგორც ტემპერატურის, ისე ჟანგბადის მოცულობის ზრდა. ამის სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ ამ ტბებში დომინირებს ფერმებიდან და ახლომდებარე ზონებიდან ჩამდინარე საკვები ნივთიერების გამო გამრავლებული ციანობაქტერია, რომელიც თავად წარმოქმნის ჟანგბადს.

„ტბები გარემოს ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეების ინდიკატორები, ნამდვილი დარაჯებია, რადგან ისინი ეპასუხებიან მიმდებარე ლანდშაფტისა და ატმოსფეროს სიგნალებს“, — ამბობს რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყლის ეკოლოგი სტივენ ჯეინი.

მისივე განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ეს არაპროპორციულად უფრო ბიომრავალფეროვანი სისტემები უფრო სწრაფად იცვლება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამჟამად მიმდინარე ატმოსფერულ ცვლილებათა მასშტაბმა უკვე იქონია გავლენა ეკოსისტემებზე.

ტბები დედამიწის არამყინვარული ზედაპირის მხოლოდ 3-4 პროცენტს იკავებს, მაგრამ აღიარებულია განსაკუთრებით მდიდარ ეკოსისტემებად, რომელიც საცხოვრებელ გარემოსა და სასიცოცხლო რესურსებს აძლევს უთვალავ სახეობას (მათ შორის ადამიანებს). ჟანგბადის დონის შემცირება არა მხოლოდ ამ ტბების ბინადარ სახეობებს უქმნის საფრთხეს, არამედ მთელ ამ ბიომრავალფეროვან სისტემებსა და მათი კვების ქსელებს.

გარდა ამისა, როდესაც ჟანგბადის დონე ეცემა, მასზე კონტროლს იღებენ მეთანის მწარმოებელი სხვადასხვა ტიპის ბაქტერიები; როცა ტბა უფრო მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ძლიერდება გლობალური დათბობის ეფექტი და ეს ციკლი გრძელდება.

სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე პლანეტის ოკეანეებში; მკვლევართა აზრით, ეს ჟანგბადის გამოლევის მხოლოდ დასაწყისი შეიძლება იყოს. ერთადერთი პოზიტიური ამბავი ის არის, რომ თუ უფრო მეტ მონაცემსა და ინფორმაციას მივიღებთ ამ სერიოზული პრობლემის შესახებ, უფრო ეფექტიანად შეგვეძლება მასთან შებრძოლება.

„მიმდინარე კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიო ოკეანეებში ჟანგბადის დონე სწრაფად იკლებს. ეს კვლევა კი ახლა მიუთითებს იმასაც, რომ ეს პრობლემა მტკნარ ტბებში უფრო მწვავეა, საფრთხეს უქმნის ჩვენს წყალმომარაგებას და იმ სათუთ ბალანსს, რომელიც მტკნარი წყლის კომპლექსურ ეკოსისტემებს ასაზრდოებს“, — რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებათა სკოლის დეკანი კურტ ბრენემანი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.rpi.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.