დედამიწის თავზე უმძლავრესი მეტეორი აფეთქდა, რაც ვერავინ შენიშნა
დედამიწის თავზე უმძლავრესი მეტეორი აფეთქდა, რაც ვერავინ შენიშნა

დედამიწისკენ 30 კმ/წმ სიჩქარით მომავალი მოზრდილი კოსმოსური ნამტვრევი ატმოსფეროში შემოსვლისას, ბერინგის ზღვის თავზე, ზედაპირიდან 25 კმ სიმაღლეზე აფეთქდა. მოვლენა 2018 წლის 18 დეკემბერს მოხდა, თუმცა მის შესახებ ცნობილი ახლაღა ხდება.

სანახაობის ერთადერთი მომსწრე შესაძლოა რუსეთსა და ალასკას შორის გადაჭიმული ყინულოვანი წყლების ბინადარი თევზი ყოფილიყო, რადგან ეს მოვლენა ადამიანებიდან ვერავინ შენიშნა.

მეტეორი კაშკაშა ფენომენია, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდის ან სხვა ციური სხეულის შემოსვლის შედეგად. ხალხი მას ვარსკვლავის ჩამოვარდნას უწოდებს. ხანდახან ატმოსფეროში ის სრულად ვერ იწვება და ნამსხვრევების გარკვეული ნაწილი დედამიწაზე ცვივა, რასაც მეტეორიტებს უწოდებენ.

ეს მოვლენა ერთ-ერთმა პირველმა დააფიქსირა დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მკვლევარმა პიტერ ბრაუნმა.

8 მარტს, ის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემებში იქექებოდა, რათა ბირთვული ტესტების შედეგად გამოწვეული ატმოსფერული აფეთქებები ეპოვნა.

სისტემა შედგება სეისმური და აკუსტიკური სენსორებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ათობით ათასი კილომეტრის მანძილზე დააფიქსირონ ადამიანის ყურისთვის აღუქმელი ინფრაბგერები.

ატმოსფეროში შემოჭრილი კოსმოსური ნამტვრევის დიამეტრი 10 მეტრი იყო.

აშშ-ის სამხედრო თანამგზავრებმა ის მაშინვე შენიშნეს.

თუმცა, საჰაერო ძალებმა ნასას ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 8 მარტს აცნობეს, რომელმაც მეტეორი დაუყოვნებლივ შეიტანა თავის მონაცემთა ბაზაში.

ნასას დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა კვლევის ცენტრმა გამოიანგარიშა, რომ აფეთქების შედეგად უნდა წარმოქმნილიყო 173 კილოტონა ენერგია, 10-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს ჰქონდა.

ეს გახლდათ ყველაზე ძლიერი აფეთქება ატმოსფეროში, რომელიც 2013 წლის შემდეგ მოხდა; მაშინ მეტეორი რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე აფეთქდა, გამოიყო 440 კილოტონა ენერგია და დაშავდა 1500-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ფანჯრების ჩამსხვრევის შედეგად.

მოვლენის გახმაურების შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეტეოროლოგმა სიმონ პრაუდმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა იაპონიის ამინდის თანამგზავრ „ჰიმავარის“ საარქივო მონაცემები, რადგან ეს თანამგზავრი მაშინ ზუსტად მოვლენის ახლომახლოს უნდა ყოფილიყო.

პრაუდმა ფოტოებს მართლაც მიაგნო და „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

კოსმოსური ნამსხვრევის დიამეტრი 10 მეტრი იყო, დედამიწისთვის კი ყველაზე საშიშია 150 მ დიამეტრზე მეტის მქონე ციური სხეულები.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.