დედამიწის ორბიტაზე კიდევ ერთი „ტროელი ასტეროიდი“ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ოფიციალურად დადასტურდა, რომ დედამიწა მზის გარშემო ე. წ. ტროელ ასტეროიდთან ერთად მოძრაობს.
კლდის ეს ნამტვრევი, სახელად 2020 XL5 ამ სახის მეორე ობიექტია, რომლის იდენტიფიცირებაც დადასტურებულად მოხდა. მისი აღმოჩენა მიუთითებს, რომ დედამიწას უფრო მეტი ტროელი ასტეროიდი ჰყავს, ვიდრე გვეგონა.
ასტრონომთა ვარაუდით, პირველი ტროელის მსგავსად, 2020 XL5 სულ მცირე 4000 წლის განმავლობაში იმოძრავებს, შემდეგ კი ორბიტიდან ამოვარდება და სხვაგან წავა.
„დედამიწის მეორე ტროელი ასტეროიდის აღმოჩენამ შეიძლება გაზარდოს ჩვენი ცოდნა ამ მოუხელთებელი პოპულაციის დინამიკის შესახებ. დედამიწის ორი ცნობილი ტროელის ორბიტების ერთმანეთთან შედარებით, უკეთესად შევძლებთ იმ მექანიზმების დადგენას, რომლებიც მათ გარდამავალ სტაბილურობას უზრუნველყოფს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ტროელი ასტეროიდები არის ასტეროიდები, რომლებიც მზის გარშემო უფრო დიდ პლანეტურ სხეულებთან საერთო ორბიტაზე მოძრაობენ. ისინი გვხვდება როგორც პლანეტების წინ, ისე უკან მიდევნებული, გრავიტაციულად სტაბილურ ორ რეგიონში, რომლებსაც ლაგრანჟის წერტილები ეწოდება.
ეს გახლავთ ზონები, სადაც პლანეტისა და მზის გრავიტაცია ბრწყინვალედ აბალანსებს ამ რეგიონში არსებული რაიმე სხეულის ცენტრიდანულ ძალას და მას ადგილზე ჩამოკიდებულს ტოვებს.
თითოეულ ორსხეულიან სისტემას ხუთი ლაგრანჟის წერტილი აქვს, როგორც ამას ქვემოთ, ილუსტრაციაზე ხედავთ. ხუთი ასეთი წერტილია დედამიწასა და მთვარეს შორის და ხუთიც დედამიწასა და მზეს შორის. ტროელი ასტეროიდები პლანეტებს ორბიტაზე წინ უსწრებს L4 წერტილში, ხოლო უკან მიჰყვებიან L5 წერტილში.
ტროელები მზის სისტემაში საკმაოდ გავრცელებულია. იუპიტერს 11 000-ზე მეტი ასეთი დადასტურებული ასტეროიდი ჰყავს, ნეპტუნს 32, მარსს ცხრა, ურანს კი ერთი.
დედამიწის კიდევ ერთი ტროელი, სახელად 2010 TK7, დაახლოებით 300 მეტრის სიგანის კლდოვანი ნაჭერია და ის დედამიწის წინ, ლაგრანჟის მე-4 წერტილში მოძრაობს. თუმცა, ასე სამუდამოდ არ გაგრძელდება; დაახლოებით 15 000 წელიწადში, გრავიტაციული ურთიერთქმედება მას ამჟამინდელი ორბიტიდან ამოაგდებს.
2020 XL5 მას ძალიან ჰგავს. ისიც ლაგრანჟის მე-4 წერტილშია და იქ მხოლოდ დროებით იქნება, როგორც ამას მის ორბიტაზე ჩატარებული ახალი, დეტალური დაკვირვებები მიუთითებს. თუმცა, ის თავის კომპანიონზე გაცილებით დიდია.
ტელესკოპ SOAR-ით ჩატარებული დაკვირვებებით ასტრონომებმა დაადგინეს, რომ მისი დიამეტრი 1180 მეტრია. ასევე გაირკვა, რომ ის C-ტიპის ასტეროიდია.
C-ტიპის ასტეროიდები (ნახშირბადოვანი) მუქი ფერისაა, რადგან ისინი ნახშირბადით მდიდარია. ამას გარდა, მზის სისტემის ასტეროიდებს შორის სწორედ ეს ტიპი ჭარბობს. ასტეროიდთა 75 პროცენტი სწორედ ამ სახისაა. ისინი მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი ობიექტებია და შემადგენლობით თავად მზეს ჰგვანან.
ამის გამო, C-ტიპის ასტეროიდები მიმზიდველი სამიზნეა ადრეული მზის სისტემისა და პლანეტების წარმოქმნის შესასწავლად, მით უმეტეს, დედამიწის ტროელები. დედამიწა-მზის ლაგრანჟის წერტილებში ამჟამად ჩვენი რამდენიმე კოსმოსური ტელესკოპია მოთავსებული. სწორედ იქ იმუშავებს ჯეიმს ვებიც. შესაბამისად, ახლომახლოს C-ტიპის ასტეროიდების არსებობა ნამდვილად ბრწყინვალე შესაძლებლობაა.
თუმცა, 2020 XL5 შეიძლება ამისათვის არ გამოდგეს. ის ჩვენგან თითქმის იგივე მანძილით არის დაშორებული, როგორც მარსი და კვეთს ვენერას ორბიტას. მაგრამ შეიძლება გვიჩვენოს, როგორ მოვძებნოთ სხვა ტროელი ასტეროიდები.
ასტრონომთა ვარაუდით, დედამიწას შეიძლება ასობით ასეთი ტროელი ასტეროიდი ჰყავდეს.
„თუ უფრო მეტ ტროელს აღმოვაჩენთ, შეიძლება, მათთან მისვლა უფრო იაფი იყოს, ვიდრე მთვარემდე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ისინი იდეალური ბაზები გახდეს მზის სისტემის მოწინავე კვლევებისთვის, ანდაც რესურსების წყარო“, — ამბობს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ასტრონომი სეზარ ბრისენიო.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია noirlab.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.