დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი ადრეულ მზის სისტემაში არსებულ უზარმაზარ, უცნობ სხეულზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
2008 წელს, სუდანის ცას რაღაც უნიკალური დაეცა, აფეთქდა და ნამსხვრევები ნუბიის უდაბნოში ჩამოცვივდა.
ციდან ჩამოვარდნილ ამ ობიექტს ალმაჰატა-სიტა უწოდეს; შედგება დაახლოებით 600 მეტეორიტული ფრაგმენტისგან, რომლებიც მკვლევრებმა გულმოდგინედ შეაგროვეს.
ალმაჰატა-სიტა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ასტრონომიაში რაღაც უპრეცედენტოს წარმოადგენს — პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მეცნიერებმა ასტეროიდის დაცემა წარმატებით იწინასწარმეტყველეს.
ამ ასტეროიდს 2008 TC3 უწოდებდნენ; დაცემის შემდეგ ჩამოცვენილ მის ნამსხვრევებს მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს, რათა ქიმიური კვალის საშუალებით დაედგინათ ამ იდუმალი, შორიდან მოსული ვიზიტორის წარმომავლობა.
ახლახან, ახალმა კვლევამ საკმაოდ დამაინტრიგებელი ამბავი გამოავლინა.
ნამსხვრევების შესწავლას შეუძლია ბევრი რამ გვითხრას თავად ასტეროიდ 2008 TC3-ზე, რომელიც თავის მხრივ გვეტყვის, საიდან გაჩნდა თავის დროზე.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მოულოდნელია და მიუთითებს დიდ, წყლით მდიდარ მშობელ სხეულზე“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბულდერის სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის პლანეტური გეოლოგი ვიკი ჰამილტონი.
ახალ კვლევაში, ჰამილტონმა და მისმა კოლეგებმა ანალიზები ჩაუტარეს კოსმოსური ნამტვრევის მხოლოდ ციცქნა ფრაგმენტებს.
„კვლევისათვის, ალმაჰატა-სიტადან 50-მილიგრამიანი ნიმუში ავიღეთ, გავაპრიალეთ და მისი შემადგენლობის დასადგენად ინფრაწითელი მიკროსკოპი გამოვიყენეთ“, — ამბობს ჰამილტონი.
სპექტრულმა ანალიზებმა რაღაც ისეთი გამოავლინა, რასაც მეცნიერები სულ არ ელოდნენ. ნატეხში, რომელსაც AhS 202 უწოდეს, ამფიბოლების სახელით ცნობილი ჰიდრატირებული კრისტალების უიშვიათესი ფორმა აღმოაჩინეს.
ამ ტიპის მინერალის წარმოსაქმნელად საჭიროა ექსტრემალური სიცხისა და წნევის ხანგრძლივი სერიები, ისეთი, როგორიც ნამდვილად არ არის შესაძლებელი ნახშირბადულ ქონდრიტ მეტეორიტებში.
შედეგები მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, 2008 TC3 ერთ დროს მიეკუთვნებოდა გაცილებით დიდ სხეულს, დაახლოებით ჯუჯა პლანეტა ცერერას კლასისას, რომელიც უდიდესი სხეულია მზის სისტემის მთავარ ასტეროიდულ სარტყელში, მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის.
„მიჩნეულია, რომ ნახშირბადულ ქონდრიტ მეტეორიტთა მშობელ სხეულთა უმეტესობა დიამეტრში 100 კილომეტრზე ნაკლები იყო და შესაბამისად, ეს ზომა საკმარისი არ არის წნევისა და ტემპერატურის იმ დიაპაზონის წარმოსაქმნელად, რომელის ქვეშაც AhS 202-ში არსებული მინერალებია წარმოქმნილი“, — წერენ მკვლევრები.
„გამომდინარე აქედან, ჩვენი აზრით, AhS 202-ის საწყისი მშობელი სხეული სავარაუდოდ უცნობი ობიექტი იყო, პოტენციურად ცერერას ზომის (~640-1800 კმ დიამეტრი)“.
მიუხედავად იმისა, რომ ეს იდუმალი, გიგანტური ასტეროიდი ახლა აღარ არსებობს, ის ფაქტი, რომ მზის სისტემაში ის ერთ დროს მართლა იყო, მიუთითებს, რომ მისი მსგავსი კიდევ ბევრი სხვა სხეული უნდა ყოფილიყო.
ასტეროიდების — რიუგუს და ბენუს მსგავსად, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, შემადგენლობით განსხვავდებიან ჩვენთვის ცნობილი მეტეორიტების უმეტესობისგან, ასტეროიდ 2008 TC3-ის ნამსხვრევებიც ამტკიცებს, რომ კოსმოსურ ნამტვრევებში იმაზე მეტი რამ იმალება, ვიდრე ამჟამინდელ ჰიპოთეზებს შეუძლია სრულად ახსნა.
„არ ვამტკიცებთ, რომ AhS 202 ბენუს ან რიუგუს სპექტრული ანალოგია; ის ჩვენთან სრულიად შემთხვევით, იღბლის წყალობით მოხვედრილი წყაროა, რომელიც ინფორმაციაც გვაწვდის ადრეული მზის სისტემის იმ მასალათა შესახებ, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებულ მეტეორიტებში არ გვხვდება“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, განსხვავება მის მინერალოგიასა და სხვა ცნობილ ნახშირბადულ ქონდრიტ მეტეორიტებს შორის იმაზე მიუთითებს, რომ AhS 202-ს მსგავსი უნიკალური ნიმუშები შეიძლება გადამწყვეტი ნაკლული რგოლი იყოს მშობელი ასტეროიდების შესახებ ჩვენს წარმოდგენაში.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.