მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყლის უდიდესს სხეულს, ჯუჯა პლანეტა ცერერას, შეიძლება ჰქონდეს ქერქი, რომელიც 90 პროცენტი წყლის ყინულისგან შედგება. თუ ასეა, უთვალავი კრატერითა და ნაპრალით დაფარულმა ამ ობიექტმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვასწავლოს ოკეანური პლანეტების შესახებ; ასევე ისიც, როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ ისინი მთლიანად გაყინვის შემდეგ.
„ვფიქრობთ, რომ ცერერას ზედაპირის სიახლოვეს ბევრი წყლის ყინულია და რაც უფრო მეტად ჩადიხარ სიღრმეში, მით უფრო იკლებს ყინულის რაოდენობა“, — ამბობს აშშ-ის პერდიუს უნივერსიტეტის პლანეტური გეოფიზიკოსი მაიკ სორი.
ცერერა 1801 წელს აღმოაჩინეს და ზოგჯერ ასტეროიდადაც კი მიიჩნევენ იმ ადგილის გამო, სადაც ის მდებარეობს მზის სისტემაში; თუმცა, ის დიდი და საკმარისად სფერულია, რათა ჯუჯა პლანეტად კლასიფიცირდეს, ოღონდ ზომით პლუტონის მხოლოდ ნახევარია.
ამავე დროს, ის საკმაოდ უცნაურია. წარმოადგენს ერთადერთ ჯუჯა პლანეტას მზის სისტემაში ნეპტუნის ორბიტის აქეთ. დაწინწკლულია კაშკაშა ლაქებით, რომლებიც შეიძლება, მის ზედაპირზე არსებულ ყინულის ვულკანთა მტკიცებულება იყოს.
ამრიგად, სავარაუდოა, რომ იქ სულ მცირე გარკვეული ოდენობის წყალია, მაგრამ რამდენი? წინა შეფასებებით, რომლებიც ზედაპირის კრატერირებას ეყრდნობოდა, წყალი მისი მოცულობის 30 პროცენტს უნდა შეადგენდეს.
იმიტომ, რომ ზედაპირი რომ წყლის ყინულის ყოფილიყო, მეცნიერთა აზრით, ის დროთა განმავლობაში უნდა დეფორმირებულიყო და უფრო გლუვი და თავთხელი გამხდარიყო. 2015 წელს, როდესაც ცერერასთან NASA-ს ხომალდი Dawn-ი მივიდა, აღმოაჩინა კარგად გამოკვეთილი კრატერები, რომლებიც შეუსაბამო იყო იმასთან, რის ხილვასაც მეცნიერები ელოდებოდნენ იმ შემთხვევაში, ცერერა რომ ყინულოვანი ყოფილიყო; სწორედ ამის შესაბამისად გაკეთდა მათი შეფასებებიც.
„ფიქრობდნენ, რომ თუ ცერერა ძლიერ ყინულოვანი იყო, დროთა განმავლობაში, კრატერები სწრაფად უნდა დეფორმირებულიყო, დედამიწაზე მყინვარების დინების მსგავსად, ანდაც თაფლის დინებასავით. თუმცა, ჩვენი სიმულაციებით ვაჩვენეთ, რომ ცერერას გარემო პირობებში, თუკი სულ ცოტა მყარ ქანებს შეურევ, ყინული შეიძლება იმაზე გაცილებით ძლიერი იყოს, ვიდრე წინა პროგნოზები მიუთითებდა“, — ამბობს სორი.
Dawn-ის მისიის მონაცემებისა და ცერერას კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, პერდიუს უნივერსიტეტის ჯგუფმა პლანეტურ მეცნიერ იან პამერლოს ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა შეემოწმებინა, იყო თუ არა ასეთი მოსაზრება მართებული.
და ასე დაადგინეს, რომ ყინულში მხოლოდ ცოტა მიწის შერევა იყო საჭირო, რათა მას საკმარისი სტრუქტურული მთლიანობა მისცემოდა მკვეთრი კრატერების შესანარჩუნებლად.
„დროთა განმავლობაში, მყარი მასალებიც კი მიედინება და ყინულს ქანებზე მტკიცე დენა ახასიათებს. კრატერებს ღრმა ორმოები აქვთ, რაც ძლიერ სტრესს წარმოქმნის, რომელიც შემდეგ უფრო დაბალი სტრესის მდგომარეობაში დუნდება და მყარი მდგომარეობის დინების მეშვეობით, განაპირობებს თავთხელ ორმოს“, — ამბობს პამერლო.
მათმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა მხედველობაში მიიღო ყინულის დინების ახალი მდგომარეობა; ყინულისა, რომელშიც მცირე ოდენობის ქანებია შერეული და რაც იმას განაპირობებს, რომ ყინულით ძლიერ მდიდარი ქერქი მილიარდობით წლის განმავლობაში სულ ოდნავ მიედინება.
„შესაბამისად, ვიღებთ ყინულით მდიდარ ცერერას, რომელზეც კრატერები მაინც არ ქრება. სიმულაციებში დავტესტეთ ქერქის სხვადასხვა სტრუქტურა და დავადგინეთ, რომ გრადაციული ქერქი ზედაპირთან ყინულის მაღალი შემცველობით, რომელშიც სიღრმესთან ერთად ყინულის შემცველობა იკლებს — საუკეთესო ახსნაა იმისა, თუ რატომ არ გაქრა ცერერაზე კრატერები“, — აღნიშნავს პამერლო.
ვინაიდან ჯუჯა პლანეტათა 90 პროცენტის ქერქი შეიძლება წყლის ყინულისგან შედგებოდეს, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ამბავი ცნობებს გვაწვდის ოკეანური პლანეტური სხეულების შესახებაც. მზის სისტემაში რამდენიმე ასეთი სხეულია, მათ შორის — იუპიტერის მთვარე ევროპა და განიმედე, სატურნის მთვარე ენცელადი და მიმასი და დიდი ალბათობით, ურანის მთვარე მირანდა და არიელი.
ამ მთვარეებს ყინულის სქელი გარსი აქვთ, რომლის ქვეშაც თხევადი წყლის ოკეანეა; ამ ოკეანეებს მთვარესა და პლანეტას შორის მიმდინარე გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი სითბო ინარჩუნებს თხევად მდგომარეობაში.
ცერერა პლანეტას არ უვლის გარშემო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე მოქცევითი აქტივობა არ მიმდინარეობს და შესაბამისად, არც მისი წიაღი თბება. მეცნიერთა აზრით, მის წიაღში გაჩენილი ნებისმიერი ოკეანე დროთა განმავლობაში მაინც გაიყინებოდა.
„ჩვენი ინტერპრეტაციის თანახმად, ცერერა იუპიტერის ევროპასავით ოკეანური სხეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიწიანი, ტალახიანი ოკეანით. როდესაც ეს ტალახიანი ოკეანე დროთა განმავლობაში გაიყინა, წარმოქმნა ყინულის ქერქი, რომელშიც ცოტა კლდოვანი მასალებიცაა შერეული“, — ამბობს სორი.
თუ მართლაც ასეა, გამოდის, რომ ოკეანური პლანეტები შეიძლება იმისგან სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდნენ, ვიდრე შეიძლება ველოდეთ. ამას გარდა, NASA-ს ცერერასთან ხომალდი უკვე ჰყავდა გაგზავნილი და შეიძლება მომავალშიც გაუშვას. შესაძლო გაყინული ოკეანის მქონე ჯუჯა პლანეტის სტატუსი მას ძლიერ დამაინტრიგებელ სამიზნედ აქცევს კვლევებისთვის.
„ჩემთვის, ამ ამბის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი ისაა, რომ ყინულოვანი ოკეანური სხეული დედამიწასთან ასე ახლოს გვაქვს. შესაბამისად, ცერერა ჩვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ყინულოვანი პლანეტური სხეულია მთელ სამყაროში, რის გამოც, დიდებული სამიზნეა სამომავლო მისიებისთვის“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, აშშ-ის პერდიუს უნივერსიტეტის პლანეტური გეოფიზიკოსი მაიკ სორი.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eaps.purdue.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.