დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები ერთვებიან
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები ერთვებიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიისა (2018 – 2025) და მისი სამოქმედო გეგმის (2018-2019) შემუშავება მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროცესის პარალელურად, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ჩართულობით, იქმნება სამი სამუშაო ჯგუფი შემდეგი მიმართულებებით: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.

სამუშაო ჯგუფებში ჩართვის მსურველებს დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ.

შეხვედრა სამივე ჯგუფის გაერთიანებულ ფორმატში გაიმართა, რომლის ძირითადი მიზანი იყო სამინისტროს ხედვის წარდგენა, სამუშაო ჯგუფებში მუშაობის პრინციპების განსაზღვრა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმება.

„სამივე მიმართულებით ჯგუფებში არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიდან, სფეროში ჩართული ექსპერტებიდან, დაახლოებით, 80 მსურველის მოთხოვნა შემოვიდა. მივესალმებით ასეთ აქტიურობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენი მონაწილეობით ნაყოფიერი სამუშაო გავწიოთ და წლის ბოლომდე საერთო მუშაობის შედეგი ჯერ სამთავრობო კომისიას, შემდგომ კი მთავრობას წარვუდგინოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.