საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტუნისელ კოლეგას შეხვდა. დავით ზალკალიანმა და ჰამაეს ჯინაოუმ მიმოიხილეს საქართველო-ტუნისის ურთიერთობები და მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის შეხვედრების სიხშირეს, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის სამომავლო არეალების განსაზღვრას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დადებითი შეფასება მიეცა ტუნისში განხორციელებულ დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმებს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ამ მხრივ საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს ტუნისს.
ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის განვითარების პრიორიტეტულობას.
მინისტრებმა მიმოიხილეს გლობალური გამოწვევები, მათ შორის ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ტუნისის მთავრობის მცდელობების მიმართ, აღკვეთოს ექსტრემიზმი და ძალადობის შემთხვევები და უზრუნველყოს სტაბილურობა ქვეყანაში.
ქართლმა მხარემ მადლობა გადაუხადა ტუნისს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.