ევროკავშირმა ტუნისთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის აღკვეთას ითვალისწინებს
ევროკავშირმა ტუნისთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის აღკვეთას ითვალისწინებს

ევროკავშირმა ტუნისთან გააფორმა შეთანხმება, რომელმაც არალეგალური მიგრაცია უნდა აღკვეთოს.

ევროკავშირსა და ტუნისს შორის ხელმოწერილი „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კონტრაბანდისტების და ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, ვაჭრობის გააქტიურებას და ენერგეტიკის „გამწვანებას“.

ტუნისში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, ტუნისს მაკროფინანსური დახმარება აღმოუჩინოს, როდესაც საჭირო პირობები იქნება მიღწეული.

კონკრეტული დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ივნისში განაცხადა, რომ ევროკომისია განიხილავს 900 მილიონ ევრომდე მაკროფინანსური დახმარების და 150 მილიონამდე პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების გაწევას. სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირი ტუნისს გამოუყოფს სახსრებს სასაზღვრო კონტროლის გასაძლიერებლად.