ტუნისის ნაპირთან გემის ჩაძირვას 43 ადამიანი ემსხვერპლა
ტუნისის ნაპირთან გემის ჩაძირვას 43 ადამიანი ემსხვერპლა

ტუნისის წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციით, მიგრანტებით დატვირთული გემი, რომელიც ლიბიიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიისკენ მიემართებოდა, ტუნისის ნაპირებთან ჩაიძირა. „როიტერის“ ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 84 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ორგანიზაციის ცნობით, გემზე ეგვიპტის, სუდანის, ერითრეისა და ბანგალდეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ბოლო პერიოდში ტუნისის ნაპირებთან მომრავლდა მიგრანტებით დატვირთული გემების ჩაძირვის ფაქტები. ასევე, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, მომრავლდა ტუნისიდან და ლიბიიდან იტალიის გავლით ევროპაში გადასვლის მცდელობები.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან იტალიაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 19 800-მდე მიგრანტი ჩავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 700 შეადგენდა.