დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იქნება ძალიან მკაფიო და მკაცრი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იქნება ძალიან მკაფიო და მკაცრი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები მუდმივად იყოს ამერიკისა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან პირველი დღიდან არსებობს აქტიური კომუნიკაცია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები მუდმივად იყოს ამერიკისა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„სასიხარულო იყო თავად ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ დამტკიცებამდე, ენტონი ბლინკენმა სენატში მოსმენის დროს, ერთ-ერთი ქვეყანა, ვინც დაასახელა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, გახლდათ საქართველო. ძალიან კარგია, რომ ჩვენ უკვე ეს ვიხილეთ პრაქტიკულ განზომილებაში, როდესაც ბლინკენის და ლავროვის სატელეფონო საუბრის დროს საქართველო იყო მოხსენიებული, როგორც რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი.

მინდა, ასევე საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ აქტიური კომუნიკაცია ახალ ადმინისტრაციასთან დაწყებული გვაქვს უკვე დიდი ხნით ადრე და ჩემს მისალოც წერილში, რომელიც გავუგზავნე სახელმწიფო მდივანს, შევეცადე, ძალიან კარგად მეჩვენებინა ამერიკელი კოლეგისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მეტი ჩართულობა ამ პროცესში, რადგანაც ფაქტია, ამჟამად საქართველო რეგიონში რჩება ამერიკის ყველაზე ახლო და ერთადერთ მოკავშირედ. ამიტომ, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ზრდის თავის სამხედრო ყოფნას რეგიონში და ზრდის საკუთარ გავლენებს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყოს საქართველოს გვერდით როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო, ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩემს წერილში სწორედ ამაზე გავაკეთე აქცენტები და შევეცადე, რომ ეს კარგად წარმომეჩინა და კარგად დამელაგებინა. თუმცა ვიცი, რომ მათ ეს ყველაფერი კარგად ესმით, კარგად იციან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უახლოეს პერიოდში ვიზიტი შედგეს ჩემი, რაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მეტი ჩართულობა ვუზრუნველვყოთ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებში. საქართველოს დღეს როგორც არასდროს, ისე სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ის, რომ საქართველო აქტუალური არის საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში, ასევე დადასტურდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს შეხვედრის დროს იგივე სერგეი ლავროვთან. შეხვედრა, თუ არ ვცდები, გუშინ გაიმართა და სწორედ საქართველოს თემატიკა წამოწია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ასევე გახლავთ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე.

მინისტრი სულ მალე, თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ეწვევა, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ჩვენ მასთან თბილისშიც გავაგრძელებთ, რადგან მთელი წლის განმავლობაში შვედეთი იქნება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა და მოგეხსნეებათ ეუთო ერთ-ერთი მთავარი აქტორი არის სამშვიდობო პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. რომ დავუბრუნდეთ აშშ-ს, წერილში ასევე საუბარი იყო თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაზე, საუბარია ასევე სავაჭრო- ეკონომიკური კუთხით ამერიკის მეტ ჩართულობაზე, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის გახსნაზე და მეტი ამერიკული ინვესტიციების ხილვაზე საქართველოში, ორპარტიულ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს ისედაც აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაგრამ ამჟამად უკვე შეცვლილი, კონგრესში შეცვლილი შემადგენლობის შემდეგაც მნიშვნელოვანია ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება, უპრეცედენტო აქტის მხარდასაჭერად, რომელსაც საქართველოს მხარდამჭერი აქტი ჰქვია. რა თქმა უნდა, ასევე ყველა იმ დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანი ამბობს, დარწმუნებულია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია სათანადოდ შეაფასებს  რუსეთის ფედერაციის მოქმედებას, რომელიც, ზალკალიანის თქმით, არაფრად აგდებს და უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და აღებული ვალდებულებების შესრულებას.

„დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომლისთვისაც პრიორიტეტია საერთაშორისო სამართლის ნორმები, იქნება ძალიან მკაფიო და მკაცრი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რომელიც არაფრად აგდებს და უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, აღებული ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

რც შეეხება კითხვას, რომ დაგეგმილია ენტონი ბლინკენთან კომუნიკაცია, მზადდება აშშ-ში ვიზიტი და რა იქნება საკითხები, რაზეც კიდევ უფრო აქტიურად დადგება დღის წესრიგში, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უწყება ყველა ძირითადი მიმართულებით მუშაობს.

ამასთან, ზალკალიანის განცხადებით, ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში, რაც ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით მიმდინარეობს, აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ყველა ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ, რადგან რეგიონში შექმნილია ძალიან სწრაფად ცვალებადი სიტუაცია. ამას სჭირდება მუდმივი რეაგირება, კოორდინაცია, კომუნიკაცია ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, წინასწარ განვჭვრიტოთ ნაბიჯები, რომელსაც ის ძალები, რომლებიც ცდილობენ, რეგიონში მათ სასარგებლოდ გადაწონონ არსებული სიტუაცია, რუსეთის ფედერაცია მაქვს პირველ რიგში მხედველობაში, სწორედ ეს წინასწარ გავთვალოთ ის ნაბიჯები და ვიყოთ მზად ყველა შესაძლო სცენარისთვის. ამიტომ, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა სწორედ ეს იქნება. მაქვს უკვე მომზადებული, როგორ უნდა ვესაუბრო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რა შედეგებიც შესაძლოა, დადგეს და სცენარებზე, რა სცენარებიც შესაძლოა, განვითარდეს რეგიონში. ამიტომ, აქ აუცილებელია კოორდინაცია და პირველ რიგში, ჰარმონიული მუშაობა ყველა დონეზე, რა სიმძაფრით და მიმართულებით იყოს ეს თემატიკა წამოწეული. რა თქმა უნდა, ასევე საუბრის მთავარი საკითხი იქნება თავდაცვისა და ისაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რაც ასევე ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ ყველა წინა ადმინისტრაციასთან ამ მიმართულებით ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა გვქონდა, დაწყებული ობამას ადმინისტრაციიდან, როდესაც ხელი მოვაწერეთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროოს მემომრანდუმს, რომელიც წარმატებით შესრულდა ტრამპის ადმინისტრაციის დროს. უკვე გვაქვს ახალი ჩარჩო-შეთანხმება თავდაცვის სფეროში, რომელიც ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან განხორციელდება. თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გვექნება ასევე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იქნება თავისუფალი ვაჭრობა და მეტი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ პანდემიასთან ბრძოლა საერთო გამოწვევაა და ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც. იგივე ვთქვათ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში საქართველოსთვის მობილიზებული საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა ამერიკის მხარდაჭერის გარეშე გართულდება, ამიტომ, რაც აქამდე იყო მოპოვებული, ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა. ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის მართლაც უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერა მოვიპოვეთ და ეს არის კიდევ ერთხელ იმ დიდი ნდობის,  აღიარების გამოხატვა, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. რა თქმა უნდა, ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში, რაც ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით მიმდინარეობს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება.