დავით ზალკალიანი - საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა, რომ რუსეთისთვის გაგვეგზავნა გზავნილი სიტუაციის დეესკალაციისთვის მზაობაზე, სამწუხაროდ, საპირისპიროდ ვერ მივიღეთ შემხვედრი ნაბიჯები
დავით ზალკალიანი - საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა, რომ რუსეთისთვის გაგვეგზავნა გზავნილი სიტუაციის დეესკალაციისთვის მზაობაზე, სამწუხაროდ, საპირისპიროდ ვერ მივიღეთ შემხვედრი ნაბიჯები

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება და ეს დადასტურებულია იმ მრავალრიცხოვან განცხადებებში, რომელიც გააკეთა ყველა საერთაშორისო აქტორმა, ყველა იმ ორგანიზაციამ, რომელიც ჩართულია უშუალოდ ჟენევის მოლაპარაკების პროცესში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ეს არის მცდელობა იმისა, რომ ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია მოხდეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან უდიდესი რაოდენობა ეთნიკური წმენდის შედეგად არის განდევნილი და აღარ აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა იქ მიმდინარე პროცესებში. ეთნიკური წმენდა არის შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასახულია მრავალ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება და ეს დადასტურებულია იმ მრავალრიცხოვან განცხადებებში, რომელიც გააკეთა ყველა საერთაშორისო აქტორმა, ყველა იმ ორგანიზაციამ, რომელიც არის ჩართული უშუალოდ ჟენევის მოლაპარაკების პროცესში“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ის ფორმატები, მათ შორის, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

„რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის დიალოგის სხვადასხვა ფორმატები არსებობს. დღეს ერთი არის ჟენევის ფორმატი, მეორე არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ის, რომ რუსეთთან ურთიერთობის პირდაპირი დიალოგი არსებობდეს, ამას სჭირდება ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა. ჩვენ ამას ვაკეთებთ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, მაგრამ ჟენევას ჯერ არ აქვს ამოწურული ყველა შესაძლებლობა ისე, როგორც კარასინი-აბაშიძის ფორმატში კიდევ ვგრძნობთ იმის შესაძლებლობას, რომ იქ არსებული საკითხები იყოს სიღრმისეულად განხილული და ჩვენ წავიწიოთ წინ. საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ჩვენ გაგვეგზავნა გზავნილი, რომ მზად ვართ, სიტუაციის დეესკალაციისთვის. სამწუხაროდ, საპირისპიროდ ჩვენ ვერ მივიღეთ შემხვედრი ნაბიჯები. ამიტომ, თუ საუბარი არის დიალოგზე, ეს უნდა იყოს კონცენტრირებული დეოკუპაციაზე და ეს უნდა იყოს იმ უმთავრეს პრობლემაზე, რომელიც არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ყველაზე უფრო სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია.

ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ჩვენს საერთაშორისო აქტორთან ერთად მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ ფორმატებს, რომ იქ აღებული ვალდებულებები, რომელიც არის უპირველეს ყოვლისა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებასთან მიმართებაში, იყოს შესრულებული და შემდგომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც არის დაკავშირებული ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე და ა.შ. ასე რომ, ჯერ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეს ფორმატები, მათ შორის, კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას“,- განაცხადა ზალკალიანმა.