რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ - „ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა“
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ - „ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა“

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ, რომელშიც ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ.

წერილში ნათქვამია, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, „აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა“.

„დეპუტატებმა არ წარუდგინეს საზოგადოებას ინფორმაცია ახალი კოორდინატების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან იყო შეთანხმებული. მანამდე დადგენილი კოორდინატებით, ეს არის 345 ჰექტარის ტერიტორია, რომლიდანაც 180 ჰექტარი არის ზღვის აკვატორია, 155 ჰექტარი ბიჭვინთის ნაკრძალი, რვა ჰექტარი – ბიჭვინთის საცხოვრებელი კვარტლები.

ამგვარად, აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი განცალკევდა და შედეგად, აფხაზეთის მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა ქვეყნის საზღვაო საზღვრების ნაწილთან, უნიკალურ ნაკრძალთან და ერთადერთ საზღვაო უბესთან, რომლის სიღრმეც იძლევა საშუალებას, რომ იქ გემები შევიდნენ და გააჩნია საუკეთესო სანავიგაციო პირობები. დეპუტატებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, განემარტათ აფხაზეთის საზოგადოებისთვის, რომელიც პარლამენტთან იყო შეკრებილი, რატომ იყო აუცილებელი საგანგებო სხდომის გამართვა და ამ ქმედებებით აჩვენეს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში სრული სამართლებრივი ქაოსია. შედეგად, ჩვენ საქმე გვაქვს ტერიტორიის დაკარგვის უპრეცედენტო შემთხვევა არა საომარ, არამედ მშვიდობიან დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დღეს დაამტკიცა. ე.წ. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.