კახა კალაძე - ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენი პოლიტიკით უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები
კახა კალაძე - ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენი პოლიტიკით უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები

საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენი პოლიტიკით უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებას გამოეხმაურა.

„არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იქნება აღნიშნულ საკითხში. უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქცია.