საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადყოფნას გამოთქვამს, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთოს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ეროვნული მუზეუმი მზადყოფნას გამოთქვამს, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში მიიღოს მონაწილეობა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ მიზნით, მზად არიან, სპეციალური ჯგუფი შეიქმნას.
„სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო. ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და ამ მიზნით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.