დავით ზალკალიანი - კიბერშეტევა აღიქმება, როგორც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა
დავით ზალკალიანი - კიბერშეტევა აღიქმება, როგორც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა

უაღრესად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მომავალში მოხდეს მსგავსი უკანო ქმედების აღკვეთა და პრევენცია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანმა 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ  ქმედება აღიქმება, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მტლიანობაზე თავდასხმა.

„რა თქმა უნდა, ეს კიბერშეტევა აღიქმება, როგორც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა. ჩვენ, ყველა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ვიყავით ჩართული გამოძიების პროცესში. გამოძიების პროცესის ამ ეტაპზე არის შესაბამისი მტკიცებულებები, რომ მოქმედება არის განხორციელებული რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მხრიდან. ბუნებრივია, მსგავსი სახის ქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას და აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამას მისცეს შესაბამისი შეფასება. ჩვენ უკვე გვაქვს გამოხმაურებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. რა თქმა უნდა, მათი ერთსულოვანი მხარდაჭერა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ჩვენ მათთან ერთად გავაგრძელოთ ქმედებები, რათა მომავალში მოხდეს მსგავსი უკანო ქმედების აღკვეთა და პრევენცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ამ საფრთხის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია.

„ჩვენ ყველამ ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა დიდი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა იმ უსაფრთხოების გამოწვევის ფონზე, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამას კიდევ ემატება სხვა ჰიბრიდული საფრთხეები და მათ შორის კიბერთავდასხმა, რომელიც ერთ-ერთი სახეობაა ამ საფრთხის. ამავე დროს, ეს არის იმ საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე შეტევა, რომელიც გვაქვს საერთო ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ამიტომ აუცილებელია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ეს გაითვალისწინოს. აუცილებელია, რომ ამ გამოწვევის ფონზე თავიდან ავიცილოთ ის პოლარიზაცია და დაპირისპირება, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენი საუკეთესო პასუხი ამ სიტუაციაში იქნება მთლიანად ჩვენი კონსოლიდაცია და ამ საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე ერთად დგომა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ეს ისეთი საფრთხეა, რომლის გამკლავების წინაშე უძლურია ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნები, მათ შორის კიბერუსაფრთხოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში. მსგავსი სახის თავდასხმები საკუთარ თავზე იწვნია ესტონეთმა, გერმანიამ, თავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ, ამიტომ ეს არის ისეთი სერიოზული გამოწვევა, რომლის წინაშე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები. ფაქტს ასევე გამოეხმაურნენ ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყებები.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).