დავით ზალკალიანი - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებთან, რათა იქ ადამიანის უფლებების დაცვა იყოს უზრუნველყოფილი
დავით ზალკალიანი - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებთან, რათა იქ ადამიანის უფლებების დაცვა იყოს უზრუნველყოფილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტის ზონებში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზალკალიანის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს ჰქონდეს წვდომა კონფლიქტის ზონებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა მოკლედ შევეხო მინისტრთა კომიტეტის შესაბამის საქმიანობას. რაც შეეხება საქართველოში არსებულ კონფლიქტს, კომიტეტი განაგრძობს ადგილზე არსებული სიტუაციის მონიტორინგს, კერძოდ, გენერალური მდივნის მიერ წელიწადში ორჯერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ანგარიშებში ასახულ ფასეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გასული წლის ნოემბერში, კომიტეტმა გენერალური მდივნის ბოლო ანგარიშის განხილვა მოაწყო. განხილვისას, დელეგაციებმა დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს ჰქონდეს წვდომა კონფლიქტის ზონებთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვა. ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ყოველწლიურად იღებს გადაწყვეტილებას თავისი დღის წესრიგის საკითხზე: „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ადგილზე არსებული ურთულესი მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას აძლევს. მინისტრთა კომიტეტი მომავალშიც მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდება საქართველოში არსებულ კონფლიქტს, რომელიც მუდმივად დარჩება მინისტრთა მოადგილეების ყოველკვირეული შეხვედრების დღის წესრიგში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულებაზე ზედამხედველობა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა და ვალდებულებაა.

„ადამიანის უფლებათა საკითხებზე დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე, მოადგილეებმა სასამართლოს მიერ მიღებული 135 გადაწყვეტილებისა და განჩინების აღსრულებაზე ზედამხედველობის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად, 2019 წელს დახურულ საქმეთა საერთო რაოდენობამ 2048 შეადგინა. მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი წევრი ქვეყნების უპირობო ვალდებულებას შეასრულონ სასამართლოს მიერ მათ მიმართ გამოტანილი განჩინებები. აღნიშნული წარმოადგენს კონვენციის 46-ე მუხლის მთავარ გზავნილს“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანი სიტყვით გამოსვლის დროს ბელარუსის საკითხსაც შეეხო.

„მინდა, მოკლედ შევეხო ბელარუსის საკითხს, რომელიც ასევე შეტანილია თქვენი სხდომის დღის წესრიგში. საპარლამენტო ასამბლეის მსგავსად, მინისტრთა კომიტეტმა რამდენჯერმე მიმართა ბელარუსს სასიკვდილო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით და მას მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა, რომელიც გაუქმებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მალე ვიხილავთ პროგრესს აღნიშნული მიმართულებით“ ,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პირველმა დიპლომატმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს მათთან მჭიდრო ურთიერთობას საერთო საკითხების მიმართულებით.

„მინდა, სიამოვნებით გაცნობოთ, რომ კვლავ განახლდა მოლაპარაკებები ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ევროკავშირის მიერთების შესახებ. ახლახან მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა მარეგულირებელ კომიტეტს მიანიჭა მანდატი, პრიორიტეტული წესით და ევროკავშირის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, დაასრულოს მიერთების პროცედურების განმსაზღვრელი იურიდიული ინსტრუმენტების შემუშავება. ვიმედოვნებ, რომ ეს სამუშაო წარმატებით და მაქსიმალურად სწრაფად შესრულდება. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა უზრუნველყონ ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის შეთანხმებულობა. რაც შეეხება ეუთო-სთან თანამშრომლობას, მინდა შევეხო ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს საკოორდინაციო ჯგუფის 30-ე შეხვედრას, რომელიც ვენაში, გასული წლის ნოემბერში გაიმართა. ჯგუფმა განიხილა ტერორიზმისა და ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის კუთხით არსებულივითარება. ჯგუფი კვლავ შეიკრიბება სტრასბურგში ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შეფასების მიზნით. ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სამ დღეში მომეცემა შესაძლებლობა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგშიწარვდგე ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე. დასასრულს, მინდა წარმატება გისურვოთ თქვენს მომავალ საქმიანობაში ევროპის მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.მოუთმენლად ველი, ბატონო პრეზიდენტო, თქვენთან და ასამბლეასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.