დავით ზალკალიანი - არ მახსენდება ნატო-საქართველოს კომისია, რომელსაც ასეთი მაღალი შეფასებები მიეცა საქართველოსთვის
დავით ზალკალიანი - არ მახსენდება ნატო-საქართველოს კომისია, რომელსაც ასეთი მაღალი შეფასებები მიეცა საქართველოსთვის

არ მახსენდება ჩემი მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისია, რომელსაც ასეთი მაღალი შეფასებები მიეცა საქართველოსთვის, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვით და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებთან მიმართებაში, – ამის შესახებ სხდომის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ ყველა მიმართულებით მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„მართლაც უპრეცედენტოდ უმაღლესი შეფასებები დავიმსახურეთ ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, როგორც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები შეფასდა როგორც მნიშვნელოვანი, რომელსაც ხელშესახები შედეგები მისცა ქვეყანას. ძალიან მაღალი შეფასებები მიიღო საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებულმა რეფორმებმა. კერძოდ, საკონსტიტუციო რეფორმებმა და იმ რეკომენდაციებმა, რომელიც მივიღეთ ეუთო/ოდირის მხრიდან და ყველამ თითქმის ერთხმად აღნიშნა, რომ მათი გათვალისწინება და მათი ჩართვა ახალ საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროცესს და ჩვენს წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა იყო აღიარებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში განახორციელა.

„საქართველოს ხელისუფლების საქმიანობამ ამ მიმართულებით უმაღლესი შეფასება დაიმსახურა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო ალიანსის მხრიდან ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებს, ქვეყნის ჩართულობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ხელისუფლების ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგა ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და ასევე პანდემიის ეფექტიანი პრევენციის კუთხით და ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას.