დავით სერგეენკო - ვიწვევ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თუ აქვთ სურვილი, სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა
დავით სერგეენკო - ვიწვევ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თუ აქვთ სურვილი, სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა

ვიწვევ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თუ მათ აქვთ სურვილი, სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა, მობრძანდნენ და ერთად ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკო აუდიტის სამსახურს შეფასებების გამოქვეყნებამდე მათთან კონსულტაციების გავლას ურჩევს.

„აუდიტის სახელწიფო სამსახური ბოლო პერიოდში ფინანსური ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლთან ერთად მონაწილეობს თვისობრივ ანალიზშიც, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა, რასაც ჩვენ მივესალმებით.

აქედანვე ვთავაზობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ როდესაც ასეთი ეფექტურობის შეფასებებს აკეთებენ და აქვეყნებენ, იქამდე კარგი იქნება, ჩვენთან თუ გაივლიან კონსულტაციას. სიამოვნებით გავაცნობთ მეთოდოლოგიებს, რეფორმებს, სოციალური პოლიტიკის ნაწილს და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების (IT აუდიტი)” ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებაში ხარვეზები გამოვლინდა.

აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოს ინფორმაციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების დადგენას, ასევე პრობლემურია სარეიტინგო ქულის გამოთვლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბენეფიციარის ასაკის განახლება.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარსებო შემწეობის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა ბენეფიციარებზე საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად გადარიცხვის ფაქტები დააფიქსირა. პროგრამის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო, საჭირო გახდა 2015-2016 წლებში საარსებო შემწეობის სახით გადარიცხული თანხების ლეგალიზება, რომელიც საერთო ჯამში 1 668 000-მდე ლარს შეადგენს.