დავით სერგეენკო - ეჭვი მაქვს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ნულები შეეშალა
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ნულები შეეშალა, როცა პიარის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს დანახარჯებზე საუბრობდა.
„ეჭვი მაქვს, “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნულები შეეშალა. მაგალითად, შარშან 317 ლარი დაიხარჯა საკუთრივ პიარაქტივობისთვის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხებოდა. რაც შეეხება ამ მიმართულებას, არიან თანამშრომლები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და ხელფასები ეძლევათ“, – განაცხადა სერგეენკომ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ხელისუფლების პიარისთვის საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ამავე მონაცემებით, პიარის მიმართულებით დასაქმებულთა ანაზღაურებაში, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა. თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე.