დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე მხარეები მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს წარადგენენ.
დღესვე დაცვის მხარე კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლის საკითხსაც დააყენებს. აგრეთვე, ბრალდებულის ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი მოსამართლის წინაშე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობის მოთხოვნითაც წარდგება.
ადვოკატის განცხადებით, უკვე გაცვლილი მტკიცებულებებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება.
„დაცვის მხარეს ბუნებრივია, მოპოვებული აქვს ახალი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რომლის დამტკიცებასაც მოვითხოვთ სასამართლოს მეშვეობით. ასევე, დავაყენებთ უკვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის საკითხს და ასევე მოხდება ჩვენ მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენება, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოოდ გაცვლილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება და ის ბრალდება, რასაც პროკურატურა ედავება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“, – განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.
არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიმდინარე წლის 6 ივნისს შეუფარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით 4 ივნისს დააკავა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.