დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდე პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის დროს მენაბდისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. გარდა ამისა, სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, რაც ასევე მოსამართლემ დააკმაყოფილა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

ამ წუთებში სასამართლო სხდომა გრძელდება და მხარეებმა კიდევ რამდენიმე შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელონ.