დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება.

სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს შესავალი სიტყვით უნდა მიმართონ. პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრება.

გიორგი მენაბდე ორი თვის წინ დააკავეს და მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მანამდე 2017 წლიდან ამ საქმეში ის მხოლოდ მოწმის სტატუსით იყო. გიორგი მენაბდე მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

გიორგი მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი აცხადებს, რომ სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე ისაუბრებს და აღნიშნა, რომ დანარჩენს სასამართლო დაადგენს.

„პოზიციას, რა თქმა უნდა, დავაფიქსირებ ისევ სასამართლოზე, რადგან სწორედ უდანაშაულობისა და დანაშაულობის საკითხი ირჩევა ამ სხდომაზე. ყველამ იცის ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პროცესს, იმის მიხედვით, რასაც მოვასწრებთ, მაქსიმუმ იქნება შესავალი სიტყვები. არსებითი განხილვა იწყება, პროკურორი და დაცვის მხარე იტყვიან შესავალ სიტყვას. ვიტყვი იმას, რასაც აქამდე ვამბობდი უდანაშაულობაზე, დანარჩენს უკვე სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა დავით დადიანმა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.