ზაზა სარალიძე - არასრულწლოვნმა წინა პროცესზე მიცემული ჩვენება, რომ მასზე იძალადეს, სამწუხაროდ, შეცვალა და თქვა, რომ მოიგონა
წინა პროცესზე მიცემული ჩვენება, რომ მასზე იძალადეს, დღეს სამწუხაროდ, ფიცის ქვეშ შეცვალა და თქვა, რომ მოიგონა, – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
მისი განმარტებით, მოწმემ ჩვენების შეცვლა იმით ახსნა, რომ გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრები დაიცვა.
„წინა ჩვენებაზე ყველაფერი ჩემი მეგობრების დასაცავად მოვიგონეო, თქვა. დღეს უკვე დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა ჩემს შვილს, ლევანს.
დღეს ორივე ბრალდებულს დაადო ხელი და თქვა, რომ ორივეს ეჭირა დანა, მეტს არავისო“,- აცხადებს სარალიძე.
როგორც ის განმარტავს, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნდა, რომლის მიხედვითაც მოწმე მიხეილ კალანდიას სახლში ყოფილი პროკურორი, ბიძა მირზა სუბელიანი ორ პროკურორთან ერთად მასზე ზეწოლის და სასურველი ჩვენების მისაღებად ესტუმრნენ.
„პროცესზე დაუსვეს კითხვა, მასთან იყო თუ არა ვინმე მისული, ან ვინმემ დაკითხა თუ არა, მაგრამ ეს ინფორმაცია უარყო. ეს ბავშვი თვითონ ვერ მოიფიქრებდა ეთქვა, რომ წინა პროცესზე ჩვენება შეცვალა. ახლა სინდისმა შეაწუხა? ვის მიმართ? თუ წინა პროცესზე თავის მეგობრებს იცავდა, დღეს ჩემი შვილი და ლევანი დაიცვა? ეს ხომ გამორიცხულია. ჩემი აზრით, მოწმეზე ზეწოლას ძალიან კარგად ახორციელებენ სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურები“, – აღნიშნავს სარალიძე.
მისი განმარტებით, მოწმემ ჩვენებაში განაცხადა, რომ ჩხუბში თავადაც მონაწილეობდა და ბავშვებს აშველებდა.
„დღეს განაცხადა, მეც ვჩხუბობდი ოღონდ რამდენიმე წამის შემდეგ შევედი ფარდულში და ვაშველებდი, ცალი ხელით დათოს ვეჭიდებოდი რომ უკან გამომეწია, ცალი ხელით ვურტყავდიო”, – განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ის არასრულწლოვანი დაკითხეს, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან.