დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდე ადვოკატმა მოინახულა
დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდე ადვოკატმა მოინახულა

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდე შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში მისმა უფლებადამცველმა მოინახულა.

როგორც ადვოკატმა დავით დადიანმა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რას ედავებიან დაკავებულს, საგამოძიებო უწყების მხრიდან მასალების გადმოცემის შემდეგ გახდება ცნობილი.

„შევხვდი. ახალი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც მისი მოწმედ დაკითხვის დროს იყო, მას არ გააჩნია. ერთი იცის, რომ დააკავეს, ჯერჯერობით არ გადაუციათ დოკუმენტაცია და ბრალი ალბათ ხვალ იქნება. მისი ჩვენება მოწმედ დაკითხვის დროს იყო ამომწურავი. ეს საპარლამენტო კომისიაზეც განიხილეს, საგამოძიებო ორგანოებში განიხილეს. რა შეიცვალა, წარმოდგენა არ გვაქვს. როდესაც მასალები გადმოგვეცემა, ნათელი გახდება, რას გვედავებიან. გაკვირვებულია და ნერვიულობს, მეგობართან დააკავეს“, – განაცხადა ადვოკატმა დავით დადიანმა.

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.