დავით რაქვიაშვილი - აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, გაამყაროს კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების საკითხების მიმართ
დავით რაქვიაშვილი - აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, გაამყაროს კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების საკითხების მიმართ

საქართველოს  პრეზიდენტმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ გააჟღერა თხოვნა სენატორებისა და კონგრესმენების მიმართ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატიც და კონგრესიც ფოკუსირებული მომავალი ნატოს სამიტის შინაარსზე, რომ უმაღლეს დონეზე მოხდეს საქართველოს საკითხების განხილვა, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, რომელმაც პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ნატოსა და ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან  ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ასევე მონაწილეობა მიიღო ბრიუსელის ფორუმის დებატებში, სადაც ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც განსაკუთრებით ყურადსაღებია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ჭრილში – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლებისა და მილიტარისტული რიტორიკის ფონზე.

„გიორგი მარგველაშვილმა გაამახვილა ყურადღება იმის აუცილებლობაზე, რომ ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების ყურადღება შეუნელებელი უნდა იყოს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო და უკრაინა.

ჩვენ დღეს შევხვდით ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებსა და კონგრესმენებს, სადაც ზუსტად ამ საკითხებზე იყო საუბარი.

ამერიკას განსაკუთრებული როლი აქვს რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით. პრეზიდენტმა ისაუბრა იმ აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის პოზიციას საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში, მან კიდევ ერთხელ გააჟღერა თხოვნა სენატორებისა და კონგრესმენების მიმართ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატიც და კონგრესიც ფოკუსირებული მომავალი ნატოს სამიტის შინაარსზე, რომ უმაღლეს დონეზე მოხდეს საქართველოს საკითხების განხილვა.

ჩვენ აქედან მივემართებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ექნება ძალიან დატვირთული გრაფიკი, მისი მთავარი მიზანი შეერთებულ შტატებში მოგზაურობის არის კვლავ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე საუბარი.

ვენ გვექნება რამდენიმე ღონისძიება, ერთი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სადაც პრეზიდენტი ისაუბრებს რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, იქნება ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სადაც ანალოგიური გზავნილები ექნება საქართველოს პრეზიდენტს. იქნება რიგი მაღალი დონის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტს ექნება საჯარო გამოსვლები როგორც უნივერსიტეტებში, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

ამ ღონისძიებების მხარდამჭერები არიან როგორც ატლანტიკური საბჭო, ისე ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი და ეროვნული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი.

პრეზიდენტის მთავარი ამოცანა ამ ვიზიტით არის, რომ გაამყაროს ამერიკის ხელისუფლებისა და ამერიკის კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების საკითხების მიმართ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.