დავით ნარმანიას განცხადებით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღებით ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესები მაქსიმალურად დაცული იქნება
დავით ნარმანიას განცხადებით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღებით ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესები მაქსიმალურად დაცული იქნება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღებით ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესები მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილი იქნება.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებებით ქვეყანა შეძლებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ან შავი ფულის მეპატრონე ვერ შევა ისეთ სენსიტიურ სექტორებში, როგორიც არის – ენერგეტიკა და გაზმომარაგება.

ნარმანია აცხადებს, რომ ამ სექტორში პროცესები ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს, რაც წარდგენილი კანონპროექტით მეტად იქნება უზრუნველყოფილი. ამის გარანტია კი, თავის მხრივ მარეგულირებელი კომისია  გახდება.

„გუშინ ძალიან ცხარე დებატები იყო კანონპროექტის თაობაზე, ბევრი კითხვა დაისვა. შევჯერდით, რომ კანონპროექტი დაზუსტდებოდა. ორ ადგილას ამოვიღეთ არსებული „და სხვა” ჩანაწერი, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ კანონპროექტი არ გავრცელებულიყო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნებზე, ესეც აისახა კანონპროექტში. განახლებული კანონპროექტი წარმოვადგინეთ. როგორც ჩანს, კითხვები პრაქტიკულად არ არის დარჩენილი. მნიშვნელოვანია, რომ 5 პროცენტიანი წილის გასხვისების შემთხვევაში, ეს წინასწარ შეთანხმდება მარეგულირებელ კომისიასთან. წარმოსადგენი იქნება მყიდველი პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები, აუდიტის დასკვნა, ფინანსური სახსრების წარმომავლობის დოკუმენტაცია. სხვა დოკუმენტაცია არ იქნება მოთხოვნილი, ეს მკაფიოდ დაზუსტდა კანონპროექტში. მარეგულირებელი კომისია სწრაფად მისცემს თანხმობას, არაუგვიანეს სამი თვის, თუმცა თუ ძალიან დიდი მოცულობის დოკუმენტაცია არ იქნება, დასკვნას უფრო ადრე მივცემთ. ერთადერთი, ვისაც მარეგულირებელ კომისიასთან ამის შეთანხმება არ მოუწევს, ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკური და იურიდიული პირები“, – განაცხადა ნარმანიამ.

საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.