დავით ნარმანია - რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რუსთავში ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე კიდევ 20 მილიონი დაიხარჯება.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დამატებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისთვის. მათ შორის ერთი ნაწილი არის მთავარი მაგისტრალური სისტემის რამდენიმე მტკივნეული მონაკვეთის გამოცვლა, სადაც ხშირი იყო ავარიები და ეს იწვევდა პრაქტიკულად მთელი ქალაქის პარალიზებას, წყალმომარაგების სისტემის გამორთვას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე პროექტების ფარგლებში, წყლის მაგისტრალური მილსადენები გამოიცვლება, რის შედეგადაც რუსთავში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე პროექტების ფარგლებში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება, გამოიცვლება წყლის მაგისტრალური მილსადენები. ამდენად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რუსთავში წყალმომარაგება. აღნიშნული შეთანხმებული ინვესტიციები მომდევნო წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას საკმაოდ სწრაფი ტემპებით მოუწევს მუშაობა, რათა დამტკიცებული გეგმის მიხედვით განახორციელოს პროექტები“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.