დავით კაკაბაძე - იმედი მაქვს, მხოლოდ ჩემი გათავისუფლებით შემოიფარგლებიან​
დავით კაკაბაძე - იმედი მაქვს, მხოლოდ ჩემი გათავისუფლებით შემოიფარგლებიან​

​რადიო “თავისუფლების” (RFE/RL) ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც დავით კაკაბაძემ პირველ არხს განუცხადა, მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის საკითხი გახდა.

​”უთანხმოების მთავარი მიზეზი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის საკითხი იყო, სხვა წვრილი მიზეზებიც დაასახელეს, მაგრამ რამაც დიდი კონფლიქტი წარმოშვა, ეს იყო ჩემი მხრიდან ამ საკითხზე გაწეული წინააღმდეგობა. ვუთხარი, რომ ჩემი დირექტორობის პირობებში ეს არ მოხდებოდა და ამის გაკეთება მაინც თუ გნებავთ, მაშინ გამათავისუფლეთ-მეთქი”, – ამბობს დავით კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, რუსთავი 2-ის საკითხთან დაკავშირებით, რადიო “თავისუფლების” თანამშრომლებს შორის, თბილისსა და პრაღაშიც ერთსულოვანი დამოკიდებულება არსებობდა.

“ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არავის გამოუთქვამს. თუ ამ პრინციპით მიუდგებიან ყველას, მაშინ 45 კაცი უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, მხოლოდ ჩემი გათავისუფლებით შემოიფარგლებიან”, – ამბობს დავით კაკაბაძე.

ამასთან, რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ყოფილი დირექტორი​ აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-თან და მის ჟურნალისტებთან მტრული დამოკიდებულება არ აქვს, პირიქით, ტელევიზიის არსებობა ლეგიტიმურია და ამას არავინ უარყოფს.

“უბრალოდ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ისეთი პარტნიორები გვეპოვა, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ძალასთან არ არიან ასოცირებული”, – განმარტავს კაკაბაძე.

დავით კაკაბაძის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ახალი ხელმძღვანელის პირობებში თანამშრომლების დიდ ნაწილს კომპრომისზე წასვლა მოუწევს.

“ძალიან ბევრი ჩემი თანამშრომელი იმ როლში ვერ წარმომიდგენია, რომ მოუწევთ მათ დიდ კომპრომისზე წასვლა და რეალურად იმის გაკეთება, რასაც აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ. დიდი ნაწილი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს და მაშინ მართლა დადგება “რადიო თავისუფლებაში” მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი”, – განაცხადა კაკაბაძემ.​

BBG Watch-მა რადიო “თავისუფლების” სათავო ოფისის მენეჯმენტსა და ქართული სამსახურის ხელმძღვანელს დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოები​ს შესახებ სტატია 23 იანვარს გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, რადიო “თავისუფლების” სათაო ოფისი ქართულ ოფისის რუსთავი 2-თან თანამშრომლობას აიძულებდა. 25 იანვარს​ კი, რადიო “თავისუფლების” ქართულმა ოფისმა განაცხადა, რომ მენეჯენტმა უთანხმოების გადაჭრის გზად კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა​.