„რადიო თავისუფლების“ რამდენიმე რეგიონის მაუწყებლობის ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლეს
„რადიო თავისუფლების“ რამდენიმე რეგიონის მაუწყებლობის ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის“ პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. წერილში, რომლითაც ფლაიმ თანამშრომლებს მიმართა, „რადიო თავისუფლების“ ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაიკლ პეკმა მიიღო.

„დიდი სევდით ვტოვებ „რადიო თავისუფლებას“. ამ ორგანიზაციას ერთი წელი ვხელმძღვანელობდი – ეს დიდი პატივი იყო ჩემთვის“, – ნათქვამია ფლაის წერილში.

როგორც „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, პეკმა ასევე გაათავისუფლა „რადიო თავისუფლების“ აზიის, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელისა და კუბის მაუწყებლობის ოფისის ხელძღვანელებიც. ამას გარდა, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელმა სამსახურიდან დაითხოვა ღია ტექნოლოგიების ფონდის ხელმძღვანელი.

მაიკლ პეკი აშშ-ის გლობალური მაუწყებლობის სააგენტოს სათავეში ორი კვირის წინ ჩაუდგა. ამ დროში მან „რადიო თავისუფლების“ დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი შეცვალა და ამ საბჭოს თავმჯდომარე თავად გახდა.

მანამდე თანამდებობები დატოვეს „ამერიკის ხმის“ დირექტორმა და მისმა პირველმა მოდგილემ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ორი წლის წინ ნომინირებული მაიკლ პეკი სენატმა თანამდებობაზე 4 ივნისს, სამი წლის ვადით დაამტკიცა.