დავით გუმბერიძე - ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ჩანაწერების გასაჯაროება გამოძიების ინტერესებს დააზარალებდა
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ჩანაწერების გასაჯაროება გამოძიების ინტერესებს დააზარალებდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„რაც შეეხება გამოძიების პერიოდს, სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებულია ათეულობით ტექნიკური საშუალება და ამაზე შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. ექსპერტიზის შედეგად აღდგა 73 ფაილი. ეს ფაილები და მასზე დაფიქსირებული ინფორმაცია გამოძიების ეტაპზე დეტალურად შეისწავლეს“, – განაცხადა გუმბერიძემ.
მისი თქმით, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა 2016 წელს მოიპოვა, თუმცა ცალკე აღებული ექსპერტიზის დასკვნა იმის საფუძველს არ წარმოადგენს, რომ პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
„მოსაპოვებელი იყო დამატებითი მტკიცებულებები. ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავკითხეთ ათეულობით მოწმე და მოვიპოვეთ წერილობითი მტკიცებულებები“, – განაცხადა გუმბერიძემ.
როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ხმის ჩამწერი აპარატურა მოიპოვეს ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი რეზონანსული საქმის გამოძიების დროს, ბრალდებულის ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
„ახლა, თავს შევიკავებ, დავაფიქსირო სუბიექტი, თუ ვისგან მოვიპოვეთ ეს მტკიცებულება, თუმცა გეტყვით, რომ ეს გახლდათ შსს-ს მაღალჩინოსანი. როცა ხმის ჩამწერი საშუალება მოვიპოვეთ, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და ექსპერტიზის შედეგად მოპოვებულ იქნა ეს ინფორმაცია.
როდესაც ინფორმაციაში დანაშაულის შემცველი გარემოებები აღმოჩნდა, იმ სისხლის სამართლის საქმიდან, რასაც ვიძიებდით, ცალკე გამოიყო კონკრეტულად ამ ეპიზოდზე გამოძიება და შესაბამისად, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით დაიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა; დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და მოპოვებულ იქნა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ბრალდებულების მიმართ დევნა დავიწყეთ“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.