დავით გაგუა - DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრება დადებითად იმოქმედებს მედიცინის, კლინიკის განვითარებასა და პაციენტების უსაფრთხოებაზე
დავით გაგუა - DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრება დადებითად იმოქმედებს მედიცინის, კლინიკის განვითარებასა და პაციენტების უსაფრთხოებაზე

გაგუას კლინიკის ხელმძღვანელის, დავით გაგუას განცხადებით, DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება პაციენტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის.

დავით გაგუამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე კარგია სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის.

„DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრება ძალიან კარგია. ეს დადებითად იმოქმედებს როგორს კლინიკისა და მედიცინის განვითარებაზე, ისე პაციენტების უსაფრთხოებაზე. დაფინანსება მოიცავს მოთხოვნით ექიმის აყვანას, გაუტკივარებას, მედიკამენტებს, კვებას, პალატას და სხვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებს. დღეს მთელ მსოფლიოში საკეისრო კვეთაზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკეისრო მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში გაკეთდეს, ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს, არსებული მაჩვენებელი ეტაპობრივად შევაჩეროთ“, – განაცხადა დავით გაგუამ.

რაც შეეხება არჩევით ექიმს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ეკა შარაძის განცხადებით, პაციენტს საშუალება აქვს, აიყვანოს მისთვის სასურველ ექიმი იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

„DRG მოდელი კონკრეტულ სამედიცინო ჩარევებზე ერთიანი, სამართლიანი ტარიფების დადგენის პოლიტიკას ითვალისწინებს. სახელმწიფო განსაზღვრავს გადასახდელი თანხის მოცულობას, შესაბამისად, მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხით, მაღალი დანახარჯების გარეშე. ბენეფიციარს აქვს თავისუფალი არჩევანი, მიმართავს პროგრამაში ჩართულ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას. სასურველი ექიმის არჩევის შემთხვევაში, შეთანხმება უნდა შედგეს ექიმსა და პაციენტს შორის, მომსახურება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ეკა შარაძემ.

მშობიარობასა და საკეისრო კვეთის მომსახურებაზე დაფინანსების DRG სისტემა 15 ნოემბრიდან ამოქმედდა.