საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა
საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა

რეგულაციების მიუხედავად, საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოში მშობიარობების 44,6% საკეისრო კვეთებზე მოდიოდა. სტატისტიკა დაავადებათა კონრტოლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 52660 მშობიარობა დაფიქსირდა, მათგან 23471 შემთხვევაში (რაც 44.6%0-ს შეადგენს) საკეისრო კვეთა გაკეთდა.

ქვეყანაში  2016 წელს 24 461 საკეისრო კვეთა გაკეთდა, რაც მშობიარობათა საერთო რაოდენობის 43.7% იყო.

საქართველოში 2017 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა სანქციები სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრა, მოგვიანებით კი, ერთ წლამდე გაგრძელდა.

ჯარიმების ამოქმედებამდე სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა.

რეგულაციების მიზანი საკეისრო კვეთების შემცირებაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში საკეისრო კვეთების წილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.

დატოვე კომენტარი