საქართველოში საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდა
საქართველოში საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდა

2019 წელს მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და 39.8 პროცენტს შეადგენს.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათივე ცნობით, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 41.6 პროცენტი იყო.

ცენტრის მონაცემებით, 2019 წელს გეგმური საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობის 46 პროცენტი მოდის საკეისრო კვეთებზე, რომელიც დედის მოთხოვნით ტარდება.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკეისრო კვეთების კლების ტენდენცია დაკავშირებულია გადაუდებელი საკეისრო კვეთის შემცირებთან.

„ქვეყანაში შემუშავებული რეგულაციების შედეგად, 2016 წლიდან აღინიშნება საკეისრო კვეთების კლების დინამიკა. შემცირების ტენდენცია განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს დაწყებულმა პერინატალური ჯანდაცვის რეგიონალიზაციის პროექტმა, რომლის ფარგლებშიც 2017 წლიდან ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებებთან სელექციური კონტრაქტირება. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, პერინატალური მოვლის სპეციალიზებულ (II დონის) და სუბსპეციალიზებულ (III დონის) სამედიცინო დაწესებულებებს საკეისრო კვეთის ჩატარებაზე დაწესებული აქვთ პროცენტული ზღვარი, რისი გადაჭარბების შემთხვევაში ექვემდებარებიან ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ რეგულირების წესებს,“ – აღნიშნულია ანგარიშში სახელწოდებით „ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში.“