დავით დონდუა - საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება კარგია, მაგრამ არ არის გარანტი, რომ მსგავსი ფაქტები აღარ იქნება
ფაქტი თავისთავად კარგია, რომ საქართველოს ორივე მოქალაქე სახლში იმყოფება, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება, არავინ იცის, ხვალ ან ზეგ რა იქნება, ამიტომ ამას უნდა კომპლექსური გადაწყვეტა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ პირველ არხს განუცხადა.
როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, ქართული მხარის აქტიური მუშაობით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევითა და ცხელი ხაზის გააქტიურებით მოხერხდა საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.
„დღეს ისინი უკვე სახლში არიან და ეს კარგი ფაქტია, მაგრამ მოწმე ვართ იმის, რომ გატაცებები ძალიან ხშირად ხდება. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება კარგია, მაგრამ ეს არ არის გარანტია, რომ მსგავსი ფაქტები აღარ იქნება”, – განაცხადა დონდუამ.
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლა.