დავით ჭიჭინაძე - სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები, ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ
სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები, ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციურ მოძრაობასთან „ძალა ერთობაშია“ კახა ოქრიაშვილის პარტიის გაერთიანებას.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სახეების ნაცვლად, ისევ ის ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში გამდიდრდნენ.
ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობაში“ ბევრი ისეთი ლიდერი გამოიკვეთა, ვისაც პარტიის სახის შეცვლა რეალურად შეუძლია. ეს კი სააკაშვილისთვისაა ყველაზე დიდი ხიფათი, რადგან შესაძლოა, მთავარი „ნაციონალის“ და მთავარი ოპოზიციონერის ტიტული დაკარგოს. თუნდაც გლდანში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობაში“ ახალი გამარჯვებული ლიდერი ჩნდება. ამიტომ ვფიქრობ, ის ნაბიჯები რაც იდგმება, მიმართულია იმისკენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ლიდერი არ შეიძინოს. თუნდაც სად არის ის 500 ახალგაზრდა, ვითომ ახალ სახეებად რომ ზრდიდა სააკაშვილი და უკრაინაშიც კი ჩაიყვანა? მათ მაგივრად ფინალში ისევ ოქრიაშვილები, ჩოჩელები, ხაბულიანები მივიღეთ, ადამიანები, რომლებიც სწორედ „ნაციონალების“ დროს გამდიდრდნენ ყველაზე მეტად და მათ აფინანსებდნენ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ პოლიტიკურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა. მემორანდუმს ხელი კახა ოქრიაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ დღეს მოაწერეს.