დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს
დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს.

კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, ირაკლი კობახიძის პოსტიდან გადაყენების პროცედურის დაწყება, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ თუ გედევან ფოფხაძის გარშემო დაწყებული პროცესი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერია.

„როცა პარლამენტში კრიზისი წარმოიქმნება, ვინც ამას იწვევს და მის მიმართ კითხვები გაჩნდება, ეს რაში გამოიხატება, ამას დრო გვაჩვენებს. იმ ადამიანების აზრს არასოდეს არ გავითვალისწინებ, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება თანამდებობას ეტრფიან და ამ თანამდებობის გამო არიან ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდში“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამასთან, მისი თქმით, გუნდის შიგნით არსებობს რესურსი, რომ ყველაფერი დალაგდეს.

„მიგვაჩნია, რომ გუნდის შიგნით არის რესურსი დავლაგდეთ, მაგრამ გამორიცხული არასოდეს არაფერია. ჩემთვის ის განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინე, აღმაშფოთებელი იყო. გუშინ გედევან ფოფხაძეს ზნეობასა და მორალზე ისეთმა ადამიანებმა მიუთითეს, რომლებმაც უმჯობესია, პირველ რიგში საკუთარ ცხოვრებაში ჩაიხედონ. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც მანამდე ორჯერ ეკა ბესელიას დემარში მოუწყო. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ ვინმე არ გამომრჩეს და არ გავანაწყენო. რას ნიშნავს გუნდის დაშლის პირას ყოფნა? თვითგაწმენდა და განახლება მშვენიერი ჯანმრთელი პროცესია“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.