ირაკლი კობახიძე - გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე 
ირაკლი კობახიძე - გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე 

გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მსგავს ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება.

„საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის, გედი ფოფხაძის მხრიდან. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე. ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. თუმცა არის რამდენიმე დეპუტატი, რომლებმაც საჯარო განცხადებებისას შეცდომა დაუშვა, მათ შორისაა ნუკრი ქანთარია.

„საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები, გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის, ამაზე თავს დავდებ. არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა მარტივად გადასაჭრელი. მათ შორის არის ნუკრი ქანთარია, შესაბამისად, მასთანაც ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.